არჩილ თალაკვაძე - პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, კანონის მიმართ დაუმორჩილებლობას, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი ექნება ზუსტად ისეთი, როგორიც აქვს საქართველოში
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, კანონის მიმართ დაუმორჩილებლობას, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი ექნება ზუსტად ისეთი, როგორიც აქვს საქართველოში

პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, კანონის მიმართ დაუმორჩილებლობას და ძალადობის წახალისებას, თავის გამოცხადებას კანონგარეშე, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, დასავლეთში, პასუხი ექნება ზუსტად ისეთი, როგორიც აქვს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ვინმე კანონზე მაღლა აყენებს თავს, თუ ვინმე თვლის, რომ პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა ეს არის ნორმალური, დემოკრატიული პროცესის ნაწილი, ის ცდება და ამას დასავლეთშიც აქვს იგივე პასუხი, რაც საქართველოში.

„მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ნიკანორ მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა. მეც მივმართე საჯაროდ, მედიის საშუალებით ოპოზიციას, რომ ვითარების განმუხტვის ერთადერთი შესაძლებლობა იყო, რომ ის დაემორჩილოს კანონს და შემდეგი ნაბიჯი არის ის, რომ ოპოზიცია დაბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ახლა რაც შეეხება პროდასავლურობას, რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას და საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთში. გარწმუნებთ, რომ დასავლური ღირებულებები გახლავთ სწორედ კანონის უზენაესობის პრინციპი, სწორედ ის, რომ არც ერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება, თავი დააყენოს კანონზე მაღლა. სწორედ დასავლური ღირებულება გახლავთ ის, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის მიუღებელი და სწორედ დასავლური დემოკრატიის და ღირებულებების ნაწილი გახლავთ, რომ საკუთარი ქვეყნის პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა არის შეუწყნარებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.