არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში ველით ჯანსაღ ოპოზიციას და მზად ვართ, ჯანსაღი ოპონირებისთვის
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში ველით ჯანსაღ ოპოზიციას და მზად ვართ, ჯანსაღი ოპონირებისთვის

მოლაპარაკების მაგიდაზე არის ჩვენი სამართლიანი შეთავაზება. პირველი, თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნებს მართლაც ჰქონდა პრობლემები, ერთად გადავამოწმოთ, მართლაც იყო თუ არა ეს ასე.  აღნიშნული შეთავაზება ძალაში რჩება. მეორე, თვითმმართველობის არჩევნებამდე საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი ერთად განვახორციელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით ოპოზიციის ულტიმატუმის ენით საუბარი ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

„ვფიქრობ, ეს სამართლიანი შეთავაზებაა. თუ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი მზად არის, რომ გამოვიდეს რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური შანტაჟიდან და დავასრულოთ ის მოდელირებული, ღიმილისმომგვრელი რეალობა, როდესაც წაგებული და უმანდატო ოპოზიციონერები მანდატებს უხევენ არჩევნებში გასულ ოპოზიციონერებს, მაშინ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს შეხვედრისთვის. მზად ვართ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე. რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში, მით უმეტეს იმ ულტიმატუმით, რომელსაც ვისმენთ რადიკალური ოპოზიციისგან, რომ ავრევთ ქვეყანას, თუ არ ჩაატარებთ არჩევნებს, ჩვენთვის ეს მიუღებელია და გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია, რომელიც ამის გამო რჩება ქუჩაში, ბოლომდე ქუჩაში დარჩება. ჩვენ პარლამენტში ველით ჯანსაღ ოპოზიციას და მზად ვართ, ჯანსაღი ოპონირებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.