არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, 30-პროცენტიან დანამატს კვლავ მიიღებს
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, 30-პროცენტიან დანამატს კვლავ მიიღებს

პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკავაძემ განაცხადა ბრიფინგზე, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე გაიმართა.

მისი თქმით, დღეს იწყება კონსულტაციების მესამე რაუნდი, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.

„წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს: კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს.

შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით; მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას;

პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30-პროცენტიან დანამატს;

უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან შვიდ წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილი კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას.

„წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებად ბიუროკრატიული.

პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5000 მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი გამარტივდება;

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მეექვსე დღისა;

გამარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურები, ხოლო ცესკო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლო, ვალდებული იქნებიან სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ 10 დღის ვადაში;

დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი: ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი/ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს.