არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში გვაქვს ცალსახა პოზიცია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში გვაქვს ცალსახა პოზიცია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია

პარლამენტში გვაქვს ცალსახა პოზიცია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, როგორც სხვა შემთხვევაში, დღესაც სრული უფლება აქვთ ადამიანებს, რომ შეიკრიბონ და პროტესტი გამოხატონ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო კომისიაში არსებითად განსხვავებული ვერსია ვერ დაადგინა.

„ჩვენი ვალდებულებაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მართლმსაჯულების განხორციელებას სჭირდება. ვფიქრობ, თავისი პოლიტიკური და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები უმრავლესობამ ამ თემაზე აჩვენა, როდესაც საგამოძიებო კომისიის შექმნისას უმრავლესობა ოპოზიციას გადასცა. ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი. მთავარმა პროკურორმაც მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. საბოლოო შედეგი დღეს არის ის, რომ „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო კომისიაში არსებითად განსხვავებული ვერსია ვერ დაადგინა.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ მოქმედებს და ყველა დაინტერესებულია, მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს. რამდენად შეძლებს ამას მიმდინარე გამოძიება,  უკვე მომავალი საკითხია. რაც შეეხება შეკრებას, გაერთიანებასა და პროტესტის გამოხატვას, პარლამენტში არის ცალსახა პოზიცია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. როგორც სხვა აქციების შემთხვევაში, აქაც სრული უფლება აქვთ, შეიკრიბონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან აქციებს გეგმავენ.

დატოვე კომენტარი