არჩილ თალაკვაძე - პარლამენტისთვის მიმდინარე წელი გამოწვევებით იყო სავსე
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტისთვის მიმდინარე წელი გამოწვევებით იყო სავსე

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წელს, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, 13 მინისტრს მოუსმინა და 400-ზე მეტი კანონპროექტი დაამტკიცა.

ჟურნალისტებთან საუბარში საკანონმდებლო საქმიანობა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შეაჯამა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას დეტალურ ანგარიშს წარუდგენს.

თალაკვაძის შეფასებით, პარლამენტისთვის მიმდინარე წელი გამოწვევებით სავსე იყო.

„ერთ-ერთი დატვირთული სამუშაო წელი იყო. საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ათობით კანონი მოვიდა. ახალი რეგლამენტი მივიღეთ და ასევე, პარლამენტი გააქტიურდა ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისითაც. წლის განმავლობაში, სამი თემატური მოკვლევა გაკეთდა, 13 მინისტრს მოვუსმინეთ, 400-ზე მეტი კანონპროექტი დავამტკიცეთ და ასეულობით დადგენილება მივიღეთ“, – აღნიშნავს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობასაც აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ბევრად უფრო აქტიური იყო, ვიდრე წინა წლების განმავლობაში.

„მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის თარიღის 2020 წლისთვის გადმოწევაზე საკმარისი ხმების მობილიზება ვერ შევძელით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა მივიღეთ, ასევე „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონები დავამტკიცეთ. 2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება მორგებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტმა საშემოდგომო სესია გასულ კვირას დახურა. საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას თებერვალში, საგაზაფხულო სესიის ფორმატში განაახლებს.