არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციონერებმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ გადაწყვეტილებას, რომელიც ვფიქრობ, რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ მიიღეს და საპარლამენტო პროცესს შემოუერთდნენ
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციონერებმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ გადაწყვეტილებას, რომელიც ვფიქრობ, რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ მიიღეს და საპარლამენტო პროცესს შემოუერთდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას არაერთი გზა შესთავაზა იმ ბრალდებების საპასუხოდ, რაც მათ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით თქვეს. თუმცა, როგორც თალაკვაძე ამბობს, მათ ყველა შეთავაზებაზე საჯაროდ მიიღეს უარი.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ იძლევა იმაში დარწმუნების საშუალებას, რომ არჩევნების გაყალბებასთან მიმართებით ბრალდება უსაფუძვლოა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესის დასაწყებად იყო გამოგონილი.

„კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რამდენად თანმიმდევრული იყო ოპოზიცია, როდესაც საქმე ეხებოდა მათ მთავარ ბრალდებას, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ჩვენ მათ ვუთხარით, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა, მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა თქვენი პრეტენზია და არგუმენტი. მათ შევთავაზეთ 1 000-ზე მეტი უბნის გადათვლა. შევთავაზეთ ცესკო-ს მონაცემების პარალელური დათვლის შედეგებთან შედარება. შევთავაზეთ ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში და ყველაფრის გადამოწმება. ასევე ვიდეოჩანაწერების ნახვა და გადამოწმება იმ ბრალდებების საპასუხოდ, რაც მათ თქვეს, რომ თითქოს ეს უბნებზე ხდებოდა. ყველა ამ შეთავაზებაზე ჩვენ საჯარო უარი მივიღეთ ოპოზიციისგან, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდება მათ მიერ უსაფუძვლოდ იყო გაჟღერებული და ეს ყველაფერი იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესის დასაწყებად მოგონილი. ისინი არ ელოდნენ, თუ ჩვენ გვექნებოდა ასეთი საპასუხო შეთავაზებები. ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმან, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ მესიჯად დღემდე რჩება ერთადერთი, ავრევთ ქვეყანას, თუ არ ჩატარდება განმეორებითი არჩევნები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მიიღეს, კიდევ ერთხელ მიმართავს, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედონ და საპარლამენტო პროცესს შეუერთდნენ.

„როგორც ხედავთ, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ მსურს, მივმართო იმ ოპოზიციონერებს, ვინც ხალხის მხარდაჭერა მიიღეს არჩევნებში, დღეს უკვე არის დრო, როდესაც მათ კიდევ დრთხელ უნდა გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას, რომელიც ვფიქრობ, პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ მიიღეს, რადიკალური ოპოზიციის ზეწოლის პირობებში. კიდევ არის დრო, შემოუერთდნენ საპარლამენტო პოცესს და მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო მუშაობაში. დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება პოლიტიკური შეცდომაა. საარჩევნო რეფორმაც და საგამოძიებო კომისიის შექმნაც ეს ჩვენი შეთავაზება იყო მათ ბრალდებაზე, რაზეც თქვეს უარი. თუმცა ჩვენ მზადყოფნა გვაქვს ახლაც, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციასთან ერთად გადავამოწმოთ. პირველი ოპოზიციური პარტია უკვე პარლამენტშია წარმოდგენილი, ველით სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ვისაც აქვს სურვილი, ეს ყველაფერი ფაქტების დონეზე გადაამოწმოს, მობრძანდნენ პარლამენტში და ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.