არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის შიგნით კრიმინალსა და პოლიტიკას შორის საზღვრის წაშლა ემსახურება იმ პოლიტიკოსთა გათეთრებას, ვინც უმძიმეს დანაშაულებში პირადად არიან პასუხისმგებლები
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის შიგნით კრიმინალსა და პოლიტიკას შორის საზღვრის წაშლა ემსახურება იმ პოლიტიკოსთა გათეთრებას, ვინც უმძიმეს დანაშაულებში პირადად არიან პასუხისმგებლები

ოპოზიციის შიგნით კრიმინალსა და პოლიტიკას შორის საზღვრის წაშლა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ როგორმე მოხდეს იმ პოლიტიკოსთა გათეთრება, ვინც უმძიმეს პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულებში არიან პირადად პასუხისმგებლები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, სადაც პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ, „დანაშაულების მიუხედავად, დავით კეზერაშვილი კვლავაც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში და კეზერაშვილის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოცემა თუ არ მოხდება, პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთში აირევა“.

თალაკვაძის თქმით, „იგივე ადამიანები და იგივე მინიოლიგარქები მართავენ რადიკალურ ოპოზიციას, ვინც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში იდგნენ“.

„დეოლიგარქიზაციის კანონზე კატეგორიული უარის თქმის შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ დაადასტურა, რომ ოპოზიციურ ბანაკში კრიმინალსა და პოლიტიკას შორის ზღვარი წაშლილია. ეს დაადასტურა მათი დამფინანსებლების საჯარო გამოსვლებმა, სადაც პირდაპირ ნათქვამი იყო, რომ უკანონო ფულით ფინანსდება ოპოზიციური პარტიები, ეხმარებიან კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რომლებიც შემდეგ გაჩნდნენ და აფინანსებენ ტელევიზიებს. ვნახეთ ამერიკის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული კონტრაქტები, სადაც ტელევიზიები კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ პარტიული ინტერესების გატარებაში. საგანგაშოა, რომ ხდება პოლიტიკური მიზნებით ჟურნალისტების ნაწილის გამოყენება. ოპოზიციის შიგნით კრიმინალსა და პოლიტიკას შორის საზღვრის წაშლა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ როგორმე მოხდეს იმ პოლიტიკოსთა გათეთრება, ვინც უმძიმეს პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულებში პირადად არიან პასუხისმგებლები. იგივე ადამიანები და იგივე მინიოლიგარქები მართავენ რადიკალურ ოპოზიციას, ვინც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების სათავეში იდგნენ. არჩევნებში უკანონოდ ნაშოვნი ფულით გამარჯვება უნდათ, რასაც საზოგადოება და ჩვენ არ დავუშვებთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.