არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ნაწილს, რომელიც დღეს აქტიურად ითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით არც ერთი ინიციატივა არ მიუღია
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ნაწილს, რომელიც დღეს აქტიურად ითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით არც ერთი ინიციატივა არ მიუღია

ოპოზიციის ნაწილს, რომელიც დღეს აქტიურად ითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით არც ერთი ინიციატივა არ მიუღია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და ასახა კონსტიტუციაში პროპორციული საარჩევნო სისტემა.

„დღეს განხილვას სამწუხაროდ არ ესწრებიან იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები, ვინც ამ თვეების განმავლობაში ასევე მგზნებარედ უჭერდნენ მხარს პროპორციულ სისტემას და ითხოვდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შედარება, რომ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც დღეს აქტიურად ითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით არც ერთი ინიციატივა არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის უკვე ისტორიული მოცემულობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორც მმართველმა პარტიამ, მიიღო ეს გადაწყვეტილება და არც ერთ სხვა პარტიას, წინა ხელისუფლების პირობებში, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ბევრი მათგანი, როდესაც ოპოზიციაში გადადიოდა, უკვე მერე იწყებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბარს. ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში, რომელიც საქართველოს პირველ არხის ეთერში გადაიცემა, საკონსტიტუციო კომისიის წევრები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ირმა ინაშვილი და მარიამ ჯაში მონაწილეობენ. განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.