არჩილ თალაკვაძე - სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და პროცესები მშვიდობიან პროტესტს გასცდა
არჩილ თალაკვაძე - სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და პროცესები მშვიდობიან პროტესტს გასცდა

პარლამენტმა განაახლა მუშაობა და საქმიანობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა 2024 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება კონსტიტუციაში ასახულია.

„ერთი წლის წინ საქართველოს პარლამენტმა და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო საკონსტიტუციო რეფორმა, ცვლილებები და ქვეყანა გადავიდა საპარლამენტო მართვის მოდელზე. მაშინ, ერთი წლის წინ ჩვენ მხარი დავუჭირეთ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, რომელიც უკვე არის ასახული დღევანდელ კონსტიტუციაში 2024 წლისთვის. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტში ინიციატივამ, რომლის თანახმადაც პროპორციული არჩევნები 2024 წლიდან უნდა გადმოწეულიყო 2020 წელს, ვერ შეაგროვა ხმათა საკმარისი რაოდენობა. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა უმრავლესობის არაერთმა წევრმა, მხარი დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თუმცა სამწუხაროდ, პროპორციული არჩევნების გადმოწევამ 2024 წლიდან 2020 წელს საკმარისი ხმები ვერ მიიღო. მიუხედავად ამისა, გადაწყეტილება, რომლის მიხედვითაც 2024 წელს უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, რჩება, არის ახლანდელ კონსტიტუციაში, იმ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, რომელიც პარლამენტმა ჩაატარა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ფაქტმა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, რაც დაცული იყო.

„გასულ კვირას ამ გადაწყვეტილებამ და ფაქტმა, რომ ვერ შეაგროვა საკმარისი ხმები აღნიშნულმა ინიციატივამ, გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების ერთი ნაწილის უკმაყოფილება. რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციისა და შეკრების უფლება. ეს უფლება განუხრელად იყო დაცული და განუხრელად იქნება დაცული მომავალშიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და პროცესები მშვიდობიან პროტესტს გასცდა.

„რაც სამწუხაროა, არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა სამწუხაროდ, კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, საუბარი მაქვს პარლამენტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომლებიც ინსტიტუტების ბლოკირების მიზნით ვითარდებოდა. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვნად სცდება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებს“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ.