არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საარჩევნო კამპანია ვაშინგტონში ჩაატაროს, როცა საქართველოში არ აქვს მხარდაჭერა
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საარჩევნო კამპანია ვაშინგტონში ჩაატაროს, როცა საქართველოში არ აქვს მხარდაჭერა

ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, თავისი საარჩევნო კამპანია ჩაატაროს ვაშინგტონში, მაშინ, როდესაც საზოგადოებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში, შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე კონგრესის წევრებს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებსა და ოპოზიციისა და საზოგადოებისადმი შეთავაზებებს გააცნობს.

„ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ კონგრესის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, თუ რა გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ ოპოზიციასა და ჩვენს საზოგადოებას. ერთი რამ ცხადია, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, თავისი საარჩევნო კამპანია ჩაატაროს ვაშინგტონში, მაშინ, როდესაც საზოგადოებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს საქართველოში. ეს ფაქტია. იკვეთება, რომ ისინი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე ცდილობენ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიიღონ ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არასოდეს აკეთებს და არ ერევა საარჩევნო საკითხებში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შეხვედრებზე პარლამენტის დელეგაცია დაარწმუნებს ამერიკელ კოლეგებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება და ქვეყანა თავის კურსს, გააძლიეროს დემოკრატია, ზურგს არასოდეს შეაქცევს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.