არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის არჩევანია, სასტვენებს აირჩევენ, თუ მწვავე კითხვებს 
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის არჩევანია, სასტვენებს აირჩევენ, თუ მწვავე კითხვებს 

შესაძლოა, არსებობს უფრო გემოვნებიანი ფორმები, უფრო დახვეწილი ფორმები ოპონირების, მაგრამ ეს არის ოპოზიციის არჩევანი, ისინი სასტვენებს აირჩევენ, თუ აირჩევენ მწვავე კითხვებს და მოუსმენენ პასუხებსაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ამ კვირის განმავლობაში, როდესაც პარლამენტში განხილვები მიმდინარეობდა, ოპოზიციამ არაერთხელ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ მწვავე შეკითხვები დაესვა მთავრობისთვის.

„მათ ისარგებლეს ახალი რეგლამენტით და ნახეთ, რომ იყო საკმაოდ მწვავე შეხვედრები. ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ეს არის ზუსტად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. მართალია, შესაძლოა, არსებობს უფრო გემოვნებიანი ფორმები, უფრო დახვეწილი ფორმები ოპონირების, მაგრამ ეს არის ოპოზიციის არჩევანი, ისინი სასტვენებს აირჩევენ, თუ აირჩევენ მწვავე კითხვებს და მოუსმენენ პასუხებსაც. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ პასუხებისგან გაქცევაც, რაც არ არის ევროპული ოპოზიციის სტილი და ევროპული ოპოზიციის კულტურა. ოპოზიციის ამოცანა და მოვალეობა პარლამენტში არის, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას, დასვას კითხვები და მოისმინოს პასუხებიც“,- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებდა, უმრავლესობამ დასვა.

„ეს იყო დასაქმების საკითხი, ეს იყო სიღარიბის დაძლევის გეგმა, ეს იყო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, ეს იყო ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესის უფლებების და ინტერესების დაცვა მომავალში, ეს იყო ოკუპაციის პრობლემა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამიტომ ოპოზიციამ ალბათ დაინახა რაღაც მომენტში, რომ კითხვები, რომელიც არსებობს, მაინც დაისმება პარლამენტში, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ დაბრუნებულიყვნენ ამ ფორმატებში. დღესაც ვნახეთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ შემოუერთდა სხდომას და მათ ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატით ისარგებლეს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი