არჩილ თალაკვაძე -  ოპოზიციას ვთავაზობთ ჯანსაღ გამოსავალს, „ქართული ოცნება“ მზად არის, პროცესი უკვე პარლამენტში გადაიტანოს
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას ვთავაზობთ ჯანსაღ გამოსავალს, „ქართული ოცნება“ მზად არის, პროცესი უკვე პარლამენტში გადაიტანოს

ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, საკითხებთან მიმართებით, რა იყო მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შემოთავაზება და როგორც გითხარით, ჩვენ შემოთავაზებული სახით ვეთანხმებით ამ დოკუმენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მელიასთან დაკავშირებით მკაფიოდ იყო განმარტებული, რომ გირაოსთვის საჭირო თანხის უზრუნველყოფის შემთხვევაში, პროკურატურა მზად არის, შეცვალოს პატიმრობის ღონისძიება, ხოლო პარლამენტი ივნისის მოვლენების ამნისტიის შესხებ იმსჯელებს.

ამასთან, თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დანიელსონის შემუშავებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არ იყო არც ერთი წინადადება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიიცის ბრალდება არის უსაფუძვლო.

„რაც შეეხება ნიკა მელიას, მასთან დაკავშირებით თქვენც იცით, ძალიან მკაფიოდ იყო განმარტებული ეს საკითხი, რომ გირაოსთვის საჭირო თანხის უზრუნველყოფის შემთხვევაში, პროკურატურა მზად არის, შეცვალოს პატიმრობის ღონისძიება, ხოლო პარლამენტი ასევე იმსჯელებს და უმრავლესობა მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიას. კრისტიან დანიელსონის შემუშავებულ დოკუმენტში ზუსტადაც რიგგარეშე არჩევნებზე არ იყო არც ერთი წინადადება მოცემული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიიცის წამოყენებული ბრალდება არჩევნების ე.წ გაყალბების შესახებ, არის უსაფუძვლო და ის არ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჩვენ ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ, რადგან ოპოზიცია ცდილობს იპოვოს არაჯანსაღი გამოსავალი, ვთავაზობთ ჯანსაღ გამოსავალს, ხელს ვაწერთ კრისიტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის ეგიდით გაკეთდა და ასევე, „ქართული ოცნება“ მზად არის, პარლამენტში გადაიტანოს უკვე პროცესი და იქ ყველა პირობა, რომელზე ხელმოწერაც მოხდება ოპოზიციის მხრიდან, შესრულდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულია აუცილებელი ნაბიჯები, რათა ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან შეთანხმება შედგეს.

„ჩვენი მხრიდან არის გადადგმული აუცილებელი ნაბიჯები, რომ შეთანხმება შედგეს, სულ მცირე, ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან, ვისაც მართლა აინტერესებს ნორმალური პოლიტიკურ პროცესი, დემოკრატია და არჩვნები ამ ქვეყანაში. თუ რა ნაბიჯს გადადგამენ ისინი, ვნახავთ. თუმცა, აშკარაა, რომ ოპოზიცია არის გაყოფილი ორ ნაწილად. ერთი არის გაკოტრებული, დესტაბილიზაციის გეგმის გარშემო გაერთიანებული, მეორე ნაწილი ფიქრობს გამოსავალზე. ვფიქრობთ, ჩვენ ამ შემთხვევაში, დოკუმენტის ხელმოწერის გარდა, დამატებით გამოსავალსაც ვთავაზობთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.