არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის საკითხზე იმსჯელეს და დაგეგმეს, რომ პირველი საჯარო განხილვა 4 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გაიმართება.

„უმრავლესობას და ოპოზიციას ექნება საშუალება,რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები, საკუთარი არგუმენტები და უპასუხოს კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას ექნება. წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებელი შეკრიბავს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მოქალაქეებს აქვთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ჩვენ საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ.

აქედან უკვე ერთ კვირაში, ანუ პირველი საჯარო განხილვიდან ერთ კვირაში გაიმართება მეორე საყოველთაო-საჯარო განხილვა, რომელსაც მაღალი ალბათობით უმასპინძლებს აჭარის მაუწყებელი. ანალოგიური პრინციპით იქაც წინასწარ მოხდება შეკითხვების შეკრება და ჩვენ პირდაპირ ეთერში უმრავლესობა და ოპოზიცია განვიხილავთ საზოგადოებასთან ერთად ამ ცვლილებებს. ამის შემდეგ უკვე საორიენტაციოდ ივნისის მეორე ნახევარში, ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ პარლამენტში პირველი მოსმენით განვიხილოთ ეს ცვლილებები და გამოვიტანოთ ის კენჭისყრაზე“,- განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში.

„ამის გათვალისწინებით, მინდა, კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდო ოპოზიციას და ასევე, ვთხოვო ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, კონსტრუქციულ პროცესში, თანამშრომლობის ფორმატში. გთხოვთ, მიიღოთ მაქსიმალურად მონაწილეობა, როგორც საჯარო განხილვებში, ასევე საკომიტეტო განხილვებში და პლენარული სხდომის ფორმატში, რათა საბოლოო ჯამში ჩვენ რაც შეიძლება ფართო შეთანხმებით მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, რომელზეც რეალურად პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, როგორც მმართველ ძალას ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს.

ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენი პირობა, რა თქმა უნდა, ძალაშია, რომ ჩავატაროთ მაქსიმალურად დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას,რომ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და არჩევნები არის ამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი