არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს - თქვენს თავს შეხედეთ, სარკეში ჩაიხედეთ და გაიხსენეთ, რა საქმეები გაქვთ გაკეთებული
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს - თქვენს თავს შეხედეთ, სარკეში ჩაიხედეთ და გაიხსენეთ, რა საქმეები გაქვთ გაკეთებული

თქვენს თავს შეხედეთ, სარკეში ჩაიხედეთ და გაიხსენეთ, რა საქმეები გაქვთ გაკეთებული, მილიონობით ევრო გვიჯდება ის შეცდომები, რაც დაუშვით ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს მიმართა, ნახონ, სტრასბურგის საჩივრები, კერძოდ, რამდენით შემცირდა კომუნიცირებული ​საჩივრების რაოდენობა.

„შემცირებული კომუნიცირებული საჩივრების რაოდენობა არის რეალური ინდიკატორი, ქვეყანაში რა ხდება. თუ გინდათ გადამოწმება, როგორ მუშაობს სასამართლო, ზუსტად მაქედანაც შეგიძლიათ ნახოთ. სტრასბურგში, როდესაც ათასობით საქმე მიდიოდა თქვენი მმართველობის პერიოდში, დღეს ნახეთ რამდენია კომუნიცირებული საჩივრების რაოდენობა. რა საქმეები გვაქვს წაგებული ამ წლებში, ჩვენი მმართველობის დროს, უფლებადარღვევების დიდი ნაწილი თქვენს დროს არის ჩადენილი. გამოდიხართ კიდევ და ლაპარაკობთ, ხელს სადღაც იშვერთ. თქვენს თავს შეხედეთ, სარკეში ჩაიხედეთ და გაიხსენეთ, რა საქმეები გაქვთ გაკეთებული. როგორც ვიცი, ჯერ ყველა საქმე არ არის დამთავრებული. კიდევ არის საქმეები, რომლებზეც გვედავებიან სტრასბურგში, ზუსტად თქვენი შეცდომების გამო. რა ფინანსების ფლანგვაზე ლაპარაკობთ, მილიონობით ევრო გვიჯდება ის შეცდომები, რაც დაუშვით ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით.

რუსეთთან მოგებული საქმე სტრასბურგში არის ერთადერთი, რაც იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა. მათ ანგარიშზე არის კიდევ 630 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ სამინისტრომ მოქალაქეებს დაურეგისტრირა. ესეც საკუთრების უფლების ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. რამხელა ფინანსური ეფექტი ჰქონდა ამას ოჯახებსა და შინამეურნეობებზე, ეგ შეკითხვაც რომ დაგესვათ, ცუდი არ იქნებოდა, რადგან 630 ათასი ნაკვეთის დარეგისტრირებასა და გაფორმებას ეკონომიკაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს ისევე, როგორც საკუთრების უფლების განხორციელებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრები შენდება და აღნიშნა, რომ ცენტრებში მომსახურებას აქტიურად იყენებენ.

„ინფრასტრუქტურას შეხედეთ, ზოგან მეტი პროგრესია, ზოგან კი გასაკეთებელი საქმე რჩება. ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს. ნახეთ, რამდენ რაიონში აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი, მხოლოდ შენობები კი არ არის, კონკრეტული ელექტრონული სერვისებია, რომელსაც მოქალაქეები იყენებენ. ინტერნეტია, რომელსაც მოქალაქეები იყენებენ, თქვენს გამოსვლებსა და განცხადებებს კითხულობენ. მაგაზე ელემენტარულად ერთი კომენტარი მაინც გაგეკეთებინათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მათი ხელისუფლების პირობებში მოახდინა.

„სტამბოლის კონვენციაზე რომ გამოხვედით, რაღაც დახლართული განცხადება რომ მოიფიქრეთ თეა წულუკიანზე, თან ფემინისტია, მაგრამ თან არ არის ფემინისტიო. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება ვინ გააკეთა, იცით? აქვს მაგას მნიშვნელობა ქალის უფლებების დაცვაში. თუ თქვენ ქალის უფლებებზე ლაპარაკობთ, პირველ რიგში, ეგ უნდა გაგხსენებოდათ, ქალბატონო თინა. მე დავინახე ოპტიმიზმი სამინისტროს მომავალ გეგმებში. ყველას მოგიწოდებთ, მეტი ოპტიმიზმით მოვეკიდოთ სახელმწიფოს, მომავალს და სახელმწიფოს ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.