არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას აქვს უფლება, თავისებურად განმარტოს ფაქტები, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს არის ისტორია
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას აქვს უფლება, თავისებურად განმარტოს ფაქტები, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს არის ისტორია

ოპოზიციას აქვს უფლება, თავისებურად განმარტოს ფაქტები, მაგრამ სიმართლე არის ის, რომ ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმისას მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს უკვე არის ისტორია, – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლისთვის არსებითად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება კი, კიდევ ერთი პროგრესული ნაბიჯია.

„რაც შეეხება საარჩევნო კოდექსსა და 2020 წლისთვის არსებითად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ეს იყო უდავოდ კიდევ ერთი პროგრესული ნაბიჯი, რითაც ჩვენ, როგორც ქვეყანამ და როგორც ხელისუფლებამ დავამტკიცეთ, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადება ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსსა და კონსტიტუციაზე საუბრისას უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძისა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დეპუტატ სერგი კაპანაძის რეპლიკებს მოჰყვა. ბიუროს სხდომაზე კამათის მიზეზი კი, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დეპუტატ ეკა ბესელიასა და ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა გახდა. ინიციატორები საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვდნენ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიზანშეუწონლად მიიჩნია. კაპანაძის განცხადებით, პარლამენტში დაჩქარებული წესით ისეთი საკითხები განიხილება, რომ საარჩევნო კოდექსის განხილვა გასაკვირი არ უნდა იყოს. მისი თქმით, თუ ახლა არ იქნა მიღებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, შემდეგ მიღებას აზრი არ აქვს.

მამუკა მდინარაძემ სერგი კაპანაძის განცხადებებს პიარული თავხედობა უწოდა.

„პიარის რა შესაძლებლობებს ხედავთ თქვენ თავში, როცა ამტკიცებთ საზოგადოების წინაშე, რომ ვინც მხარი დაუჭირა, ის არ უჭერდა მხარს და ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია და ჩვენ ვუჭერდით მხარსო. ეს არის პიარული თავხედობა, რაზეც ხშირად მიგანიშნებთ, ამის იქით არ არსებობს თავხედობის რამე ფორმა“, – მიმართა კაპანაძეს მდინარაძემ.

კაპანაძის თქმით, მმართველმა გუნდმა პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო და შემდეგ მოუწია, რომ 120/30-ზე სისტემა მიეღო.

„თქვენ ჩააგდეთ პროპორციული საარჩევნო სისტემა და მერე მოგიწიათ, ახლა 120/30-ის მიღება. ამიტომ ძაანაც ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ეს ყველაფერი თქვენი წარმატებაა. როდესაც საზოგადოება რამეს გაიძულებთ ხოლმე, ამას შემდეგ წარმოაჩენთ თქვენს წარმატებად. 120/30 არის საზოგადოების მიერ მიღწეული წარმატება. თქვენ ყველას გაიძულათ, იმ ღილაკებზე დაგეჭირათ ხელი. ჩვენ პირველ მოსმენაზე მხარი დავუჭირეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ წაგცდომოდათ და მართლა არ ჩაგეგდოთ. მეორე და მესამეზე რომ ჩაგეგდოთ, ისევ შემობრუნება შეიძლებოდა და მერე მივიღებდით გადაწყვეტილებას, რას ვიზამდით. ის, რომ კონსტიტუცია გავიდა პირველი მოსმენით, ჩვენი მხარდაჭერით იყო უზრუნველყოფილი. მეორე და მესამეზე თუ გაბედავდით ჩაგდებას, შემობრუნებისას ჩვენი დეპუტატები იქ იქნებოდნენ, რომ ეს არ ყოფილიყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძის საპასუხოდ სერგი კაპანაძემ.