არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ულტიმატუმს თუ გვიყენებს, ის უყენებს ულტიმატუმს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს
თუ ეს არის ულტიმატუმი, მინდა გითხრათ, ისინი ულტიმატუმს უყენებენ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და თუ ეს არის შანტაჟი, ისინი, ამ შემთხვევაში აშანტაჟებენ ჩვენს საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას იმის შესახებ, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს.
„ჩვენმა საზოგადოებამაც და მეც, ამ ორი დღის განმავლობაში, მივიღე ასობით წერილი. ისევე, როგორც პარტნიორები უკლებლივ – სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, ევროპარლამენტი, ევროპის საბჭო, ოდირი, ყველა დადებითად გამოეხმაურა ამ შეთანხმებას. მათ თქვეს, რომ ეს არის მიღწევა და ეს განუხრელად უნდა იყოს დაცული.
ამიტომ, თუ ისინი შეიცვლიან პოზიციას, ისინი გადაიხდიან პოლიტიკურ ფასსაც და დაკარგავენ პოლიტიკურ მომავალს. საბოლოო ჯამში, არის ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტი, ჩვენ ჩავატარებთ დემოკრატიულ არჩევნებს, „ქართული ოცნება“ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ჩვენ დავგეგმავთ ყველა საჭირო ღონისძიებებს კამპანიის ფარგლებში, განვაახლებთ გუნდს, მოვამზადებთ ახალ პროგრამას და მზად ვართ პასუხისმგებლობის ასაღებად ჩვენი ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ტევე პირველის“ პირდაპირ ეთერში.