არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია დღეს იმყოფება მოდელირებულ რეალობაში, სადაც წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულებს უხევენ მანდატებს
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია დღეს იმყოფება მოდელირებულ რეალობაში, სადაც წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულებს უხევენ მანდატებს

თუ ოპოზიცია დარწმუნებული იყო, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობს უარს ამის გადამოწმებაზე? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ოპოზიციამ თქვა, ცალსახად ამითი დაიწყო ყველაფერი, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშასადამე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები. მეორე ნაწილმა თქვა, არჩევნები გაყალბდა, მაშასადამე, უნდა ვკითხოთ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, სურს თუ არა ახალი არჩევნები. ხომ ეს იყო თავიდან მოცემულობა? ჩვენ ამაზე გვქონდა ძალიან დემოკრატიული პასუხი: ჩვენ ოპოზიციას ვუთხარით, მოდით, ერთად გადავამოწმოთ, თუ დადასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ჩვენ მზად ვართ, თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოქმებზე იყო არა მხოლოდ ცესკო-ს და „ქართული ოცნების“, არამედ ოპოზიციის 11 ათასამდე წარმომადგენლის ხელმოწერაც, შესაბამისად, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, მათი ხელმოწერების გარეშე, ოქმების შეცვლა ან გადაკეთება შეუძლებელია.

„თუ თქვენ ახლა იმას მიმტკიცებთ, რომ 11 ათასმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა გადაკეთებულ ოქმებს ჩვენს სასარგებლოდ მოაწერა ხელი, მაშინ გამოგყვებით მაგ დისკუსიაში, მაგრამ ოპოზიცია ამაში არ გამოგვყვა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, იყო მძიმე განცხადებებიც, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა გაყალბდა თუ არა არჩევნები, „უკვე კრიზისი დგას და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდესო“.

„თუ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობენ უარს ამის გადამოწმებაზე? მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ უარს ამბობენ, ჩვენ მოვისმინეთ ცინიკური განცხადებები, უფრო მეტიც და ამაზე ბევრად უფრო მძიმეც, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა გაყალბდა თუ არაო, უკვე კრიზისი დგას და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდესო. თქვენ გინდათ, ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც არჩევნების მერე, თუ რომელიმე პარტიას მისი შედეგები არ მოეწონება, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, თქვენ უნდა წახვიდეთ და ხმა უნდა მისცეთ თავიდან, თავიდან უნდა უყუროთ ყველა ამ პროცესს, თავიდან უნდა დახარჯოთ ფული ამ ყველაფერში – გინდათ, ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება?“,- განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია თვითონ იმყოფება დღეს მოდელირებულ რეალობაში, „სადაც წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს უხევენ მანდატებს და კარნახობენ პირობებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შემდგომი გადაწყვეტილების მიღების დროს“.

„მათ შორის, ის ლიდერები, რომლებიც რეალურად, პარლამენტში ვერ შევიდნენ არჩევნებით, ისინი დარჩნენ პარლამენტს მიღმა და დღეს მოძღვრავენ თავის კოლეგებს ოპოზიციაში და საზოგადოების ნაწილს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.