არჩილ თალაკვაძე - ქვეყნის დაცვისა და გადარჩენის პარტია ვართო? ომში მიტოვებული გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა - ეს არის „ომის პარტიის“ „მიღწევები“
არჩილ თალაკვაძე - ქვეყნის დაცვისა და გადარჩენის პარტია ვართო? ომში მიტოვებული გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა - ეს არის „ომის პარტიის“ „მიღწევები“

ომში მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა, სტრასბურგის სასამართლოში შესული ათასობით საჩივარი და სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეები, რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები, ეს არის მოკლედ ომის პარტიის „მიღწევები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

თალაკვაძე ეხმაურება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს: „ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ ომის პარტია, ჩვენ ვართ არა ომის პარტია, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია“.

„ომში თქვენგან მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები; ევაკუაციის გარეშე დატოვებული მოსახლეობა; გორში, ერთ შენობაში მიყვანილი ახალგაზრდა რეზერვისტები, რომლებიც იღბლის გამო გადაურჩნენ ერთად დაბომბვას; თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხების დატაცება; თბილისის ბიუჯეტის მასშტაბური ძარცვა; ღამღამობით, პროკურატურაში მიყვანილი ბიზნესმენები, რომლებმაც მთელი ქონება „აჩუქეს“ სახელმწიფოს; დაპატიმრებული ჟურნალისტები, რეიდები ტელევიზიებში და ბოლოს „ანტენების“ დაპატიმრებაც; პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ჩანაწერი და ადამიანების შანტაჟი; არაერთგზის თავხედურად გაყალბებული არჩევნები; ყოველ წელს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და მკურნალობის შეზღუდვის გამო გარდაცვლილი 140-144 პატიმარი; გატაცებული და დახვრეტილი მოქალაქეები, რომლებიც როგორც გამოძიებით გაირკვა, ზღვაში ჩაძირეს; სტრასბურგის სასამართლოში შესული ათასობით საჩივარი და სახელმწიფოს მიერ წაგებული საქმეები; რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტები; პოლიტიკური და საინფორმაციო თავდასხმები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და ელჩებზე – მათი დადანაშაულება არნახული უტიფრობით – ეს არის ომის პარტიის „მიღწევები“ მოკლედ. ქვეყნის დაცვისა და გადარჩენის პარტია ვართო?!“, – წერს არჩილ თალაკვაძე.