არჩილ თალაკვაძე - ოკუპაცია არის უკანონო და ჩვენ ამ ოკუპაციას დავასრულებთ მშვიდობიანი განვითარების გზით
არჩილ თალაკვაძე - ოკუპაცია არის უკანონო და ჩვენ ამ ოკუპაციას დავასრულებთ მშვიდობიანი განვითარების გზით

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ყველა პროვოკაციაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს სწრაფი და ადეკვატური რეაქცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოკუპაცია არის უკანონო და საქართველო ამ ოკუპაციას მშვიდობიანი განვითარების გზით დაასრულებს.

„ყველა ასეთ ფაქტზე და პროვოკაციაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს სწრაფი და ადეკვატური რეაქცია. ეს არის არსებული მექანიზმების და ფორმატების გამოყენება, ეს არის ჩვენი პარტნიორების ინფორმირება და ეს არის საერთაშორისო დონეზე საკითხის მაღალ რეგისტრში დაყენება. სხვა ღონისძიებები, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, არის ჩვენი ახალი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ვფიქრობ, რომ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას გულისხმობს და ეს არის მხარდაჭერილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს არის, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის, სოციალური პროგრამების და დამატებითი მექანიზმების დაფინანსება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც პირდაპირი საფრთხის და გაზრდილი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, მივცეთ მეტი შესაძლებლობები, მივცეთ ადგილზე უფრო ძლიერი მექანიზმები, ვინაიდან მათი როლი და მათი ადგილზე ყოფნა, იქ ცხოვრება არის ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ეს არ არის ახალი პრობლემა. ასეთ პროვოკაციებს მუდმივად ჰქონდა ადგილი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან და ვიცით, ამაზე ვინც არის პასუხისმგებელი, პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია. ოკუპაცია არის უკანონო და ჩვენ აუცილებლად ამ ოკუპაციას დავასრულებთ მშვიდობიანი განვითარების გზით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.