არჩილ თალაკვაძე - ნოემბრის შემდეგ, როდესაც ჩვენმა თანაგუნდელებმა დატოვეს უმრავლესობა, იყო შეფერხება კომუნიკაციაში, დღეს პარტნიორებთან კომუნიკაცია უკვე აქტიურია
არჩილ თალაკვაძე - ნოემბრის შემდეგ, როდესაც ჩვენმა თანაგუნდელებმა დატოვეს უმრავლესობა, იყო შეფერხება კომუნიკაციაში, დღეს პარტნიორებთან კომუნიკაცია უკვე აქტიურია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბოლო ერი თვის განმავლობაში აშშ-ის კონგრესიდან და ევოპარლამენტიდან მიღებულ წერილებსა და განცხადებებს.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ განცხადებებს იღებენ, როგორც მეგობრების მოსაზრებას და მიაჩნიათ, რომ პარტნიორებთან პირდაპირი და გულწრფელი საუბარია საჭირო.

„ეს არის ჩვენს მიერ მიღებული, როგორც მეგობრების მოსაზრება და ვთვლით, რომ საჭიროა პარტნიორებთან პირდაპირი და გულწრფელი საუბარი, არგუმენტების გაზიარება და შემდეგომი ნაბიჯების განხილვა, რასაც ჩვენ ამ მომენტში ვაკეთებთ“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განმარტებით, არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება, საქართველო განუხრელად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნოემბრის შემდეგ, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ საგარეო ურთიერთობებზე, დატოვეს უმრავლესობა, იყო შეფერხება კომუნიკაციაში, დღეს კი პარტნიორებთან კომუნიკაცია უკვე აქტიურია.

„მსურს, ჩვენი მეგობრები დავარწმუნო, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიან და გამჭვირვალედ, საქართველო განუხრელად ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეს ასე იქნება მომავალშიც. გასული წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც, სამწუხაროდ, ჩვენმა თანაგუნდელებმა, ვინც პასუხისმგებელნი იყვნენ საგარეო ურთიერთობებზე, დატოვეს უმრავლესობა, მართლაც იყო შეფერხება კომუნიკაციაში. სამწუხაროა, რომ ასეთი რესურსი დავკარგეთ და, მეგობრებო, მადლობას გიხდით გაწეული სამუშაოსთვის. დღეს უკვე კომუნიკაცია აქტიურია და არჩევნებამდე ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს მივაწვდით ინფორმაციას თითოეულ საკითხზე, რომელიც სარჩევნო კონტექსტში მნიშვნელოვანია“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ აშშ-ში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა აქვს.

„აშშ-ში ჩვენი სამუშაო ვიზიტის შემდეგ, ჩვენს საზოგადოებას მსურს, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ საქართველოს აქვს დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა. არსებობს ოპტიმიზმი და ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთოები არასდროს დადგება საფრთხის ქვეშ. 2013 წლიდან საქართველოს აქვს სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ისტორია და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. ეს ისტორია 2020 წელსაც გაგრძელდება. ჩვენ ჩავატარებთ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს. ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა აქვთ, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს და ცდილობს, საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით მიიღოს შედეგი. როგორც ჩანს ოპოზიციის ეს ნაწილი, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, რომ მიუხედავად დაბალი მხარდაჭერისა და უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიისა, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისევ შევიდნენ პარლამენტში და შეინარჩუნონ ადგილები. ჩვენ მივესალმებით ამ წერილების პასუხად ამერიკულ და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში. ინვესტიციები და საკუთრების უფლება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად დაცულია, აშშ-ში ვიზიტის დროს, მე შევხვდი კორპორაცია „ტრამოს“ აღმასრულებელ მენეჯმენტს, რომელიც „ფორბსის“ უმსხვილესი კომპანიების სიაში 58 ადგილს იკავებს. ამ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმის პორტში, 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განცორხიელებაზე და ტერმინალის აშენებაზე. აშშ-ის კერძო უცხოური ინვესიტიციიის კორპორაცია „ოპიკმა“, ასევე მიიღო გადაწყვეტილება,ფოთის პორტში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელოს. ეს არის მაგალითები, თუ როგორია ნდობა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ. ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა პორტები, რკინიგზა და აეროპორტები არის მომავლის ეკონომიკური დღის წერიგი და ამაზე პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მუშაობენ. ჩვენი მიზანია, ანაკლიის ღრმაწყლობანი პორტისთვის მოვიზიდოთ ამერიკული ან ევროპული ინვესტიცია და საიმედო ინვესტორი“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.