არჩილ თალაკვაძე - ნინო ჯანგირაშვილმა პრაქტიკულად შეურაცხყოფა მიაყენა დეპუტატებს 
არჩილ თალაკვაძე - ნინო ჯანგირაშვილმა პრაქტიკულად შეურაცხყოფა მიაყენა დეპუტატებს 

ნინო ჯანგირაშვილმა პრაქტიკულად, შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, თქვა, რომ დეპუტატები, ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები პარლამენტში მსჯელობისა და განხილვის საფუძველზე კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ მექანიკურად, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ლობირებს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ პირობა შეასრულა და კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან უკვე მეორედ გამართა.

მისი განცხადებით, კენჭისყრის შედეგები მეტყველებს, რომ კანონპროექტის შესახებ განსხვავებული პოზიციები სწორედ უმრავლესობაში დაფიქსირდა.

„ირაკლი კობახიძემ შეასრულა პირობა, რომ მედიის წარმომადგენლებთან გამართავდა შეხვედრას და იმსჯელებდა კანონპროექტთან დაკავშირებით. დღეს უკვე მეორე შეხვედრაა, როდესაც პირადად ხვდება მედიის წარმომადგენლებს. ვადევნებდი თვალს დღეს გამართულ დისკუსიას და ის ვარაუდი, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა ირაკლი კობახიძის მითითებით მისცეს რომელიმე კანონპროექტს ხმა, არ არის მართალი. თუ  ნახავთ კენჭისყრის შედეგებს, მიხვდებით, რომ სწორედ უმრავლესობის ფარგლებში იქნა დაფიქსირებული განსხვავებული პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ნინო ჯანგირაშვილის რეპლიკას და კომენტარს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის შეურაცხყოფა დეპუტატებისთვის. მან, პრაქტიკულად, შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დეპუტატები, ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები მსჯელობის, განხილვის საფუძველზე კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებებს იღებენ მექანიკურად. ეს ასე არ არის და სწორედ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულმა დისკუსიამ, უმრავლესობის შიგნით განსხვავებულმა მოსაზრებებმა დაადასტურა, რომ ასე ნამდვილად არ არის. შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ დავეთანხმები შეფასებებში“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

დატოვე კომენტარი