არჩილ თალაკვაძე - ნიკა გვარამიას განცხადებას დამხობაზე უბრალოდ ღიმილით შევაფასებდი
არჩილ თალაკვაძე - ნიკა გვარამიას განცხადებას დამხობაზე უბრალოდ ღიმილით შევაფასებდი

მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური პარტია ოპოზიციიდან ამბობს, რომ მედიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის კომენტირებისას აღნიშნა.

თალაკვაძის თქმით, მას არ წაუკითხავს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის „ფეისბუქის“ სტატუსი, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ნიკა გვარამიას განცხადებას „ღიმილით შეაფასებს“.

„მართალი გითხრათ, არ წამიკითხავს მისი სტატუსი და სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ეს არის ადამიანი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ თავის მედიასაშუალებას იყენებდა პილიტიკური მიზნებისთვის და, სამწუხაროდ, ამაზე თქვენ, ჟურნალისტებს არ გქონდათ შესაბამისი რეაქცია. მესმის თქვენიც. ამიტომ ჩვენ გვაქვს ამაზე რეაქცია. მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური პარტია ოპოზიციიდან ამბობს, რომ მედიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მედია უნდა იყოს თავისუფალი, ობიექტური და დამოუკიდებელი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ისეთი ჩარევისგან, როგორსაც, ამ შემთხვევაში, თქვენს მიერ დასახელებული ადამიანი ახორციელებს. მე ნიკა გვარამიას განცხადებას უბრალოდ ღიმილით შევაფასებდი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.