არჩილ თალაკვაძე - ნებისმიერი კანონდარღვევისთვის ჩვენი თანაგუნდელები გაცილებით მკაცრად აგებენ პასუხს, ვიდრე სხვა მოქალაქეები
არჩილ თალაკვაძე - ნებისმიერი კანონდარღვევისთვის ჩვენი თანაგუნდელები გაცილებით მკაცრად აგებენ პასუხს, ვიდრე სხვა მოქალაქეები

ნებისმიერი კანონდარღვევისთვის ჩვენი თანაგუნდელები, რა თქმა უნდა, გაცილებით მკაცრად აგებენ პასუხს, ვიდრე სხვა მოქალაქეები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საკრებულოს წევრის თემურ გორგაძის დაკავებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო არ დათმობს იმ მიღწევას, რასაც კორუფციასთან ბრძოლა ჰქვია.

„ადამიანურად ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია გავაკეთო შეფასებები. მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი კანონდარღვევისთვის ჩვენი თანაგუნდელები, რა თქმა უნდა, გაცილებით მკაცრად აგებენ პასუხს, ვიდრე სხვა მოქალაქეები, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ქვეყანაში. კორუფციისგან თავისუფალი მმართველობა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიღწევა. ამ მიმართულებით წინა წლებშიც ძალიან ბევრი იყო გაკეთებული და საქართველო, რა თქმა უნდა, არ დათმობს იმ მიღწევებს, რაც აქვს კორუფციასთნ ბრძოლაში, მედიასთან თავისუფლების კუთხი, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. დაველოდოთ სასამართლოს, როდესაც გადაწყვეტილება გაკეთდება, შემდეგ უკვე შეგვიძლია საბოლოო შეფასებები გავაკეთოთ”- განცხადა თალაკვაძემ.

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე გუშინ დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

„2018 წლის 28 თებერვალს, თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 3500 ამერიკული დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი