არჩილ თალაკვაძე - ნებისმიერ მხარეს ობიექტურ ინფორმაციას მივაწვდით, ყველა კითხვაზე იქნება, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხები
ყველა კითხვაზე, რომელიც შესაძლოა, ამ პროცესთან მიმართებაში წარმოიშვას, იქნება, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხები, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შეფასებისას.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მხარესთან კომუნიკაციისთვის და რა თქმა უნდა, ობიექტურ ინფორმაციას მივაწვდით ყველას, ვინც ამით დაინტერესდება, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მეგობრებო, მე გულწრფელად მინდა, რომ აგიხსნათ ის, რასაც ვფიქრობ. რომელიმე თქვენგანს თუ მიგაჩნიათ, რომ ვითარების განმუხტვა და პრობლემის მოგვარება იმაში მდგომარეობს, რომ ვინმემ თავი გამოაცხადოს კანონგარეშე, სახელმწიფოს გამოუცხადოს დაუმორჩილებლობა, პარლამენტზე შეტევა განახორციელოს და ცესკო-ს ოფისს დაესხას თავს, მერწმუნეთ, რომ ეს ნამდვილად არ არის ასე და ეს არ არის გზა, რომელიც განმუხტვის ან სიტუაციის დარეგულირებისკენ მიდის.
თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ნიკა მელია, სხვა რადიკალ ლიდერებთან ერთად სწორედ იყო მომხრე დაპირისპირების, ძალადობის სცენარით, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით, კანონზე მაღლა თავის დაყენებით ცდილობდნენ დაერწმუნებინათ თავისი მხარდამჭერები, თითქოს ეს არის ქვეყნის მომავალი განვითარების გზა. ეს არის შეცდომა და დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამაზე ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო პასუხი არის კანონი და კანონის პატივისცემა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.