არჩილ თალაკვაძე - ნატო-ს სამიტმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ საქართველო რეფორმების სწორი გზით მიდის და აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, დანარჩენი უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია
არჩილ თალაკვაძე - ნატო-ს სამიტმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ საქართველო რეფორმების სწორი გზით მიდის და აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, დანარჩენი უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტმა დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.

თალაკვაძის თქმით, სამიტმა მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, დაადასტურა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება, დანარჩენი კი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.

„საქართველო თუ აიღებს შვედეთის მაგალითს და ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად უფრო ძლიერი, სტაბილური და წარმატებული სახელმწიფო გახდება, საქართველო იქნება უფრო სასურველი და ძლიერი პარტნიორი ნატო-სთვის. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით სწორედ ამ გეგმას და დარწმუნებული ვარ, მომავალში საქართველო აუცილებლად მიიღებს ნატო-ში მიწვევას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო გეგმას ელოდა.

„რაც შეეხება უკრაინას, როგორც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიტყოდი, რომ ველოდით უფრო მკაფიო და უფრო ცხად გეგმას უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც ვადები და კონკრეტული პროცედურა იქნებოდა დასახელებული. თუმცა, იმედის მომცემია, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, შიგნით კინსულტაციები როგორც კი დასრულდება, უკრაინა ამის შესახებ ინფორმირებული იქნებაო. უკრაინას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ნატო-ს მხრიდან და იმედი მაქვს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებითაც. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები არის, ერთი მხრივ, უცოდინრობის და, მეორე მხრივ, უპასუხისმგებლობის მაგალითი, როდესაც ცდილობენ, საქართველო და უკრაინა დააპირისპირონ ერთმანეთთან ნატო-ს კონტექსტში.

„სინამდვილეში, უკრაინა, რომელიც ძალიან მძიმე ომშია, იმსახურებს და პრიორიტეტულად უკრაინას ეკუთვნის ყურადღება როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის მხრიდან. საერთაშორისო პარტნიორებს გვაქვს მორალური ვალდებულება უკრაინასთან, ამიტომ ამის რაღაცნაირად საქართველოსთან დაპირისპირება არის მავნებლური დამოკიდებულება. რადიკალური ოპიზიცია პირდაპირ აზიანებს და ებრძვის საქართველოს და უკრაინის მეგობრობასაც. საკუთარ მოსახლეობას სთავაზობს უსამართლო დამოკიდებულებას, თითქოს ჩვენ უნდა შეგვშურდეს უკრაინის. არა, პირიქით, საქართველო, ქვეყნის ხელისუფლება მიესალმება უკრაინასთან დაკავშირებით პრიორიტეტულ ყურადღებას და გაზრდილ მხარდაჭერას.

რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს, სერიოზული კომენტარი ამაზე არც კი შეიძლება, გავაკეთოთ, რომ არა ისევ და ისევ ბრძოლა საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან. პირიქით, ვილნიუსის ნატო-ს სამიტმა მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, დაადასტურა, რომ საქართველო რეფორმების სწორი გზით მიდის და საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება. დანარჩენი უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.

სამიტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტში ნატო ძალიან პრაგმატულია და ფიქრობს ნატო-ს საერთო ინტერესებზე, თუმცა, ასევე თანაბრად ფიქრობს იმ პარტნიორებზე, ვის მიღებასაც განიხილავს. სწორედ ეს თქვეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ, რადიკალური ოპოზიციის წევრები უსინდისოდ თავს ესხმოდნენ მათ ამ განცხადებების გამო“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „აბსურდი და კიდევ ერთი ტყუილია, თითქოს პრემიერ-მინისტრი არ მიიწვიეს სამიტზე და მისი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს“.

„ეს, უბრალოდ, ალოგიკურია. ვინც ეს ვერსია მოიფიქრა, ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს ჩვენს საზოგადოებაზე. საქართველო მაღალი დონით იყო წარმოდგენილი ვილნიუსში. საგარეო საქმეთა მინისტრი არის საგარეო პოლიტიკის სფეროში მაღალი წარმომადგენელი და აღჭურვილია სრული მანდატით, რომ ქვეყნის სახელით სამიტში, მოლაპარაკებებში მიიღოს მინაწილეობა და თავისი ქვეყანა წარმოადგინოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.