არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა ევროპა დაასამარეს, ყველაფერი გააკეთეს, რათა ევროპული მომავლისთვის ძირი გამოეთხარათ
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა ევროპა დაასამარეს, ყველაფერი გააკეთეს, რათა ევროპული მომავლისთვის ძირი გამოეთხარათ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა ევროპა დაასამარეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა ევროპული მომავლისთვის ძირი გამოეთხარათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ამიხსენით, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებს ევროპულ მომავალთან დავუსვათ ტოლობის ნიშანი?! დაწყებული ადამიანის უფლებებიდან, დამთავრებული საკუთრებით, ევროპა დაასამარეს ამ ადამიანებმა, ამ პარტიამ და მისმა ლიდერმა. ამის გარდა, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძირი გამოეთხარათ. იმ ყველაფერს, რაც გააკეთეს, აკეთებდნენ ევროპის სახელით, რაც ასევე ამორალურია და, რამაც საქართველოში ევროპული იდეა სერიოზულად დააზიანა თავის დროზე. რაც თვითონ გააკეთეს, იმას ჩვენ გვაბრალებენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა შეფასებას მისცემს მცდელობას, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის სახელი ევროინტეგრაციას დაუკავშირდეს და ეს პროცესი შეფერხდეს.

შეკითხვაზე, რა მიზანს ემსახურება საბოლოოდ კამპანია, რომელსაც უკრაინის მაღალჩინოსნები სააკაშვილთან დაკავშირებით აწარმოებენ, მაგალითად, არახამია, რომელიც სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე უკრაინის პროკურატურას – საქმის აღძვრას, საქართველოს პრეზიდენტს კი – ექსპრეზიდენტის შეწყალებას სთხოვს და ევროპის ქვეყნების პარლამენტარებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხზე დადგენილების მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან მეგობრობა და ძმური ურთიერთობა ძალიან ფასეულია და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ ქვეყნის მხარდასაჭერად, ხოლო არახამიას რიტორიკა და განცხადებები ამ ფონზე ყველაფერს აცილებულია.

„მე არ ვფიქრობ, რომ ის ამ შემთხვევაში უკრაინას, უკრაინელ ხალხს  წარმოადგენს. ის აცილებულია ამ შემთხვევაში სიმართლეს და აცილებულია რეალობას. შესაბამისად, ცხადია, არახამიაც არის იმ ხაზის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ და დაფინანსებულ კამპანიას აწარმოებს. არ არის გამორიცხული, რომ მას აქვს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით და არ არის გამორიცხული, რომ ის არის აქაური დასუსტებული ოპოზიციის უფროსი კოორდინატორიც. არც ეს არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამის გარჩევებს უკრაინის ხელისუფლებასთან, ვიდრე უკრაინა უმძიმეს ომშია, იცავს საკუთარ ტერიტორიებს, თავისუფლებას და, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო ვდგავართ უკრაინის დასახმარებლად“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, თუ დავით არახამია ქართული წარმომავლობით და ფესვებით ამაყობს, სულ მცირე, უნდა იცოდეს, რომ საქართველოსთან ბრძოლა და დაპირისპირება ისტორიაში არცერთ ქართველს არ მოუგია და, რა თქმა უნდა, ვერც არახამია მოიგებს.