არჩილ თალაკვაძე - დაიწყეს ახალი პროექტი, „ნაციონალური მოძრაობა ორი“,  თითქოს ემიჯნებიან მშობლიურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობა პირველს“, რაც საზოგადოების მოტყუების მცდელობაა
არჩილ თალაკვაძე - დაიწყეს ახალი პროექტი, „ნაციონალური მოძრაობა ორი“, თითქოს ემიჯნებიან მშობლიურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობა პირველს“, რაც საზოგადოების მოტყუების მცდელობაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, ლიდერები თითქოს ემიჯნებიან მშობლიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ლიდერს, რაც საზოგადოების მოტყუების მცდელობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ახალ პოლიტიკურ პრეფერენსიებს სთავაზობს ოპოზიცია საზოგადოებას.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნება“ მომავალზე ორიენტირებულია და მის მიმართ ხალხის მხარდაჭერა კონკრეტული შედეგებით არის განპირობებული.

„მას შემდეგ, რაც დეკემბერში ჩამოიშალა რადიკალური ოპოზიციის გეგმა, დაებლოკათ საქართველოსთვის ევროპული მომავალი, კანდიდატის სტატუსის მიღება, ქვეყანაში ყოფილიყო ეკონომიკური რეცესია, ძირი გამოეთხარათ ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისთვის, ამის შემდეგ და ცხრა არჩევნებში დამარცხების შემდეგ, როგორც იქნა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი პატრონები, ლობისტები დარწმუნდნენ, რომ ამ პოლიტიკური პარტიით რაიმე წარმატებაზე, ელექტორალურ გაუმჯობესებაზე საუბარი, ფიქრი ზედმეტია და დაიწყეს ახალი პროექტი – „ნაციონალური მოძრაობა ორი“. დღეს ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების, ლიდერების აქტიურ მცდელობას, თითქოს ემიჯნებიან მშობლიურ „ნაციონალურ მოძრაობა პირველს“ და ემიჯნებიან მის ლიდერს, რომელიც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა. რა თქმა უნდა, ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ახალ პოლიტიკურ პრეფერენსიებს სთავაზობს ოპოზიცია ჩვენს საზოგადოებას და ამომრჩეველს. ეს არის იგივე „ნაციონალური მოძრაობა“, რებრენდირებული, იმავე ადამიანებით, შინაარსით და დესტრუქციული დღის წესრიგით.

კარგად იციან, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და 60%-იანი პოლიტიკური რეიტინგი. კარგად იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობა ერთი“ 15-დან 20%-მდე მხარდამჭერზე მეტს ვერ შეაგროვებს, ამიტომ მათ დავალება აქვთ, როგორმე შეინარჩუნონ ეს მხარდაჭერა, ხოლო დარჩენილი 20%-სთვის იბრძვის პოლიტიკური ბანაკი „ნაციონალური მოძრაობა ორი“. მათი მიზანია, დარჩენილი 20%-დან, ე.წ. გადაუწყვეტელი ელექტორატიდან, როგორმე დაუმატონ ხმები „ნაციონალურ მოძრაობა ერთს“. ახალი პოლიტიკურ ბანაკისთვის, რომელსაც ახლა „ლელო“ მეთაურობს და სალომე ზურაბიშვილი მათ პროგრამას, სამომავლო ხედვას აჟღერებდა პარლამენტში, ხმის მიცემა, მათი მხარდაჭერა ნიშნავს ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობის მხარდაჭერას. ამიტომ შემდეგი თვეების განმავლობაში ჩვენი ამოცანა იქნება, მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენი პარტია არის მომავალზე ორიენტირებული, საქმე, გამოცდილება გვიმაგრებს ზურგს. რაც მთავარია, მხარდაჭერა, რომელიც დღეს გვაქვს, განპირობებულია კონკრეტული შედეგებით. ეს არის ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის, უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკური ზრდა, კანდიდატის სტატუსის მიღება, საქართველოს წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის დღევანდელი რეალობა და საარჩევნო ადმინისტრაციის საბოტაჟი იმას ემსახურება, რომ როგორმე მარცხი გადააბრალონ საარჩევნო ადმინისტრაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.