არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის დაპირისპირება და არეულობა, ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ლიდერები საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, ურთიერთგადაბრალების რეჟიმში არიან
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის დაპირისპირება და არეულობა, ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ლიდერები საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, ურთიერთგადაბრალების რეჟიმში არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება, წარმოუდგენელია, პრეზიდენტის ჩართულობის გარეშე მომხდარიყო.

თალაკვაძის თქმით, მაშინდელი კონსტიტუციით პირველი პირი სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო.

აღნიშნული კომენტარით არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 7 ნოემბერთან დაკავშირებით გუშინდელ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი მართავდა, თავად კი ტელევიზორით უყურებდა და არავისთვის არანაირი ინსტრუქცია არ მიუცია.

„გუშინდელ გამოსვლაში ძალიან ბევრი ისეთი რამ მოისმინა საზოგადოებამ, რაც ფაქტებითაა დადასტურებული სააკაშვილის მმართველობის დროს. 7 ნოემბერი გვახსოვს და კარგად გვახსოვს, რა მოხდა ამ დღეს, როდესაც დაარბიეს ტელე იმედი და ჩაატარეს ძალოვნებმა რეიდი. პრაქტიკულად ტელევიზია და ჟურნალისტები დააპატიმრეს. ამის შემდეგ გადავიდნენ ანტენების დაპატიმრებაზე. ნოემბრის ამ დღეებში მოხდა ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევები, როდესაც ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რაც წარმოუდგენელია, პრეზიდენტის ჩართულობის გარეშე მომხდარიყო. მით უმეტეს, როდესაც მაშინდელი კონსტიტუციით პირველი პირი სწორედ პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და გადაბრალება, რასაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არის ურთიერთდაპირისპირება და არეულობა. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ლიდერები საკუთარ პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ იღებენ, გაურბიან და ურთიერთგადაბრალების რეჟიმში არიან.

ყველას ექნება საშუალება, რომ თავისი სიმართლე სასამართლოში ამტკიცოს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სააკაშვილისთვის, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც და სასამართლოშიც ექნება იგივე უფლებები, რაც აქვს საქართველოში მოქალაქეს და ეს უფლებები დაცულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ 7 ნოემბერი ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა და საზოგადოება ძალადობით მართოს.

„7 ნოემბერი ყველა ქვეყანაში ნამდვილად არ ხდება. ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში სადაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა და საზოგადოება ძალადობით მართოს. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც დახურა ტელევიზია, არაპროპორციული ძალით დაარბია მშვიდობიანი მანიფესტანტები და მის შემდეგ ძალადობით, გაყალბებით ინარჩუნებდა ხელისუფლებას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, თალაკვაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სასამართლო სხდომის ტრანსლაცია წარმოუდგენელი უტოპია იყო.

„რაც შეეხება მედიას, შედარებისთვის გეტყვით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არა თუ ტელეკამერების და ჟურნალისტების  სასამართლოს შენობაში ყოფნა, მით უმეტეს სასამართლო დარბაზში და  რაიმე სხდომის ტრანსლაცია, წარმოუდგენელი უტოპია იყო. სასამართლო სრულად ჩაკეტილი იყო, არავითარი დაშვება იქ არ ჰქონდა მედიას. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფირმების შედეგად სრულიად გამჭვირვალედ აჩვენებს, თუ რა ხდება სასამართლოში, მათ შორის პირდაპირ ეთერში გადასცემს სხდომებს. საააკაშვილის დროს ოთხი ტელევიზია მაუწყებლობდა საქართველოს მაშტაბით და 20-მდე ტელევიზია რეგიონის მასშტაბით. ყველა ხელისუფლების მხრიდან კონტროლის ქვეშ იყო, ჰყავდა ერთი პოლიტიკური პროდიუსერი.

დღეს არის 20-ზე მეტი ტელევიზია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს და 120-ზე მეტი რეგიონული მაუწყებელი. ყველას გაქვთ საშუალება, მოვლენები გააშუქოთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ საჭიროდ. ზოგ შემთხვევაში არ ვეთანხმებით ტელევიზიებს ამოფარებული, ყოფილი ჩინოვნიკების და პარტიული პროდიუსერების სარედაქციო პოლიტიკას, მაგრამ დემოკრატიის სტანდარტიდან გამომდინარე, მედიასთნ ყველა სტანდარტს ვიცავთ.

სააკაშვილის გამოსვლაში არავითარი სინანული არ იყო და არც ველოდით, რომ რაიმე სინანული იქნებოდა. გუშინდელი გამოსვლა ემსახურებოდა ერთადერთს, რომ მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ აკადრა ის არგუმენტები, რომელიც მივისმინეთ. ეს იყო პოლიტიკური გამოსვლა  და არა სასამართლოზე საკუთარი სიმართლის დამტკიცების მცდელობა. სასამართლოში მისვლაც გამიზნული იყო, რათა მას პოლოტიკური პერფორმანსი მოეწყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი თავისი გათავისუფლების კამპანიას რეფორმად აანონსებს თავისივე პარტიაში და ამისთვის ქმნის ახალ პროექტს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კარგია, რომ ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ეს აბსურდული კამპანია არ გაიზიარა.

„გათავისუფლების ცალკე პროექტად გამოტანა პატარა პოლიტიკური ტრიუკია. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაინახა, რომ არა თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ოპოზიციიდან, არამედ თავის პარტიაშიც კი არ სჯერათ, რომ გათავისუფლება შესაძლებელია იმ გზებით, როგორც ის აკეთებს, ამის შემდეგ გააკეთა ეს პატარა პოლიტიკური სვლა, რომ პრაქტიკულად ცალკე პროექტად, თავისი გათავისუფლების კამპანიას რეფორმად აანონსებს თავისივე პარტიაში და ამისთვის ქმნის ახალ პროექტს. ეს ემსახურება ერთადერთს, ყურადღება გადაიტანოს იმ ჩაფლავებული ფრონტის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ის ცდილობდა. კარგია, რომ ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ეს აბსურდული კამპანია არ გაიზიარა და ისინი არ ჩაერთნენ კიდევ ერთხელ იმ წაგებულ თამაშში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიცია ბოლო სამ წელიწადში სულ მცირე სამჯერ შეიყვანა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.