არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ჰალუცინაციებს რაც შეეხება, მათ უკვე აქვთ პარალელური სამყარო, თამაშობენ პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას და დაცილებული არიან საზოგადოების რეალურ ინტერესებს
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ჰალუცინაციებს რაც შეეხება, მათ უკვე აქვთ პარალელური სამყარო, თამაშობენ პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას და დაცილებული არიან საზოგადოების რეალურ ინტერესებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ჰალუცინაციებს რაც შეეხება, მათ უკვე აქვთ პარალელური სამყარო. ისინი პოლიტიკურ ოფსაიდში იმყოფებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში ყოველდღე თამაშობენ პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას და დაცილებული არიან საზოგადოების რეალურ ინტერესებს.

„დაკარგეს რეალური პოლიტიკური კურსი, მთავარი ოპოზიციის როლი საპარლამენტო პოლიტიკაში. სადღაც საკუთარ სივრცეში და საკუთარ ილუზიებში ატარებენ უკვე შიდა რიგგარეშე არჩევნებს, თავმჯდომარეები არიან გადაყენებული, არიან მოქმედი თავმჯდომარეები, ვისაც გადაყენებული თავმჯდომარეები ემუქრებიან. ყოველდღე თამაშობენ პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას და დაცილებული არიან საზოგადოების რეალურ ინტერესებს. გარედან ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური სასაცილო სერიალი. ისინი შიგნით აირჩევენ ვითომ პრემიერ-მინისტრებს, ვითომ პრეზიდენტებს, გაიხსენებენ იმ დროსაც, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ იმედია, იმასაც გაიხსენებენ, როგორ მოექცნენ საზოგადოებას და როგორ ექცეოდნენ მოქალაქეებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანების ღირსებას შეურაცხყოფდა, მედია ჰყავდა დაპატიმრებული, მოქალაქეები საკუთრებას ღამღამობით ჩუქნიდნენ პროკურატურაში სახელმწიფოს, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და დედები, მშობლები ციხეებთან შვილებს შიშით ელოდებოდნენ, ეს დრო აღარ დაბრუნდება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში.

„ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს დემოკრატიული წესების სრული დაცვით. ძალიან მინდა, პატიმრობაში მყოფ ადამიანზე, რომელსაც პაციენტის სტატუსი აქვს და საავადმყოფოში იმყოფება, უხეში შეფასებები არ გავაკეთო, მაგრამ ის, რაც გააკეთა, არის სიცრუე, საზოგადოების მოტყუება და არასერიოზული პოლიტიკოსის საქციელი. როდესაც თვეების წინ ამბობდა, თითქოს ქართული პოლიტიკა არ აინტერესებდა და დღეს აკეთებს განცხადებებს, ქართულ პოლიტიკაში რა როგორ უნდა მოხდეს და ვირტუალურ თანამდებობებზეც აქვს პრეტენზია, რა უნდა ვთქვათ ამაზე? ღიმილის მომგვრელია. მოდით, იცხოვრონ მათ თავიანთ რეალობაში, ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.