არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იყო უკიდურესად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო, მათ გაწირეს ადამიანები, ვინაიდან არ დაიცვეს ელემენტარული წესები
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იყო უკიდურესად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო, მათ გაწირეს ადამიანები, ვინაიდან არ დაიცვეს ელემენტარული წესები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა ქვეყანაში პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ეფექტიანი და მაქსიმალურად კოორდინირებული იყოს.

თალაკვაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, წესები დაიცვან.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დღეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლიანი მიდგომა, მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი, თუ როგორ გადალახავს საქართველო ამ გამოწვევას. დავიცვათ წესები და ამით დავეხმარებით ჯანდაცვის სისტემას, ეს რესურსები მიმართოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღეს სჭირდება სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასაც და მათ ქმედებებს უპასუხისმგებლო უწოდა.

„ამ ფონზე, მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ უკიდურესად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო იყო ის პოლიტიკური აქცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ამით გაწირეს ადამიანები რთულ პერიოდში, ვინაიდან არ დაიცვეს ელემენტარული წესები, ეს იყო თავდასხმა საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ამის გამო ჩვენ მოგვიწევს სამედიცინო მობილიზაცია, რესურსების გაორმაგება არა მარტო აჭარაში, ვინაიდან ხალხი ჰყავდათ ჩაყვანილი სხვა მუნიციპალუტეტებიდან. ეს რესურსები კი ამ პერიოდში სხვა მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ამიტომ საზოგადოებამ გააკეთოს შეფასება უკვე არჩევნებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გარდა ამისა, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავისი მოქალაქეების დასახმარებლად პასუხისმგებლიანი ანტიკრიზისული გეგმა აქვს.

„ძალიან ცინიკური შეკითხვაა, როდესაც ჩვენი ოპენენტები ამბობენ, თუ რატომ დაეხმარა ხელისუფლება ხალხს, საზოგადოებას და მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში, როდესაც ათასობით ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, დაკარგა სამსახური და ბევრი ოჯახი უბრალოდ პირისპირ აღმოჩნდა უშემოსავლოდ იმ პრობლემებთან, რომელიც პანდემიამ მთელ მსოფლიოში შექმნა. ამაზე ჩვენი პასუხი თუ გაინტერესებთ, ჩვენი პასუხი არის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ასევე განახორციელეს მსოფლიოს წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა – ამერიკის შერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. საქართველო ამ შემთხვევაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო, ვისაც ჰქონდა ყველაზე პასუხისმგებლიანი ანტიკრიზისული გეგმა თავისი მოქალაქეების დასახმარებლად. თუ რატომ დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდში „კოვიდ-19“-ის პანდემია, ეს თავისთავად უსაფუძვლო და სასაცილო შეკითხვაა“, – განაცხადა აჩილ თალაკვაძემ