არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ დილემის წინაშეა, ჩაერთოს თუ არა საპარლამენტო საქმიანობაში, დარწმუნებული ვარ, მათი ქცევა გაუგებარია არაერთი ევროპარლამენტარისთვის
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ დილემის წინაშეა, ჩაერთოს თუ არა საპარლამენტო საქმიანობაში, დარწმუნებული ვარ, მათი ქცევა გაუგებარია არაერთი ევროპარლამენტარისთვის

„ქართული ოცნება“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი რასაც ამბობდა მოლაპარაკებების პროცესამდე, როდესაც პარლამენტის წინააღმდეგ საბოტაჟი მიმდინარეობდა, ნიშანდობლივია, რომ დღეს ევროპარლამენტიდან გვესმის იგივე მოწოდებები, შეკითხვები უკვე რადიკალური ოპოზიციის მიმართ, ვინც რჩება საპარლამენტო პროცესის მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დილემის წინაშეა, ჩაერთოს თუ არა საპარლამენტო პროცესში.

„რადიკალური ოპოზიციის მიზანი საპარლამენტო პროცესში ჩართვა კი არ არის, მათი კონკურენციის მოედანი ნორმალური პოლიტიკური პროცესი და პარლამენტი კი არ გახლავთ, არამედ ეს არის პოლიტიკური პარტია და ჯგუფი, რომლის გენეტიკური კოდის ნაწილია დესტაბილიზაცია და არეულობა. შესაბამისად, როგორც კი პროცესი გადავიდა ნორმალურ ფარგლებში, რეჟიმში, მათ საკუთარი თავი ამაში ვეღარ დაინახეს და დღემდე არიან დილემის წინაშე, ჩაერთონ თუ არა საპარლამენტო საქმიანობაში. ხვდებით, ევროპელებისთვის როგორი წარმოუდგენელი ამბავი გახლავთ, მოქალაქეებმა ვინც აირჩიეს, ის მსჯელობს, უნდა ჩაერთოს თუ არა საპარლამენტო პროცესში. ეს გაუგებარია კალიურანდისთვის. დარწმუნებული ვარ, არაერთი ევროპარლამენტარისთვის არის გაუგებარი, თუ რატომ და როგორ იქცევა ეს რადიკალური ოპოზიციური პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ უკვე საპარლამენტო პროცესი, მრავალპარტიული პოლიტიკა პარლამენტში არის, შეთანხმება ხელმოწერილია, ხელოვნური კრიზისი დასრულებულია და ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა თუ არ შემოვა, ეს საპარლამენტო ოპოზიციის პრობლემა კი აღარ არის, არამედ დილემაა კონკრეტულად ამ პარტიის, რომელიც ხვდება, რომ ვინაიდან ხალხს და თავის მხარდამჭერებს ატყუებდა, ორივე შემთხვევაში, წაგებული რჩება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ევოაქტივის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ გახარებულია, ვინაიდან თითქმის ყველა ოპოზიციონერი შევიდა საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ვერაფრით უგებს მათ, ვინც ასე არ მოიქცა.