არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - აბრძანდით ფეხზე და ბოდიში მოუხადეთ ვალერი გელაშვილს, კობა დავითაშვილის ოჯახს, მაგრამ არ ხართ ამის გამკეთებლები, რადგან ძალადობა არის თქვენი პოლიტიკური კოდი
არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - აბრძანდით ფეხზე და ბოდიში მოუხადეთ ვალერი გელაშვილს, კობა დავითაშვილის ოჯახს, მაგრამ არ ხართ ამის გამკეთებლები, რადგან ძალადობა არის თქვენი პოლიტიკური კოდი

აბრძანდით ფეხზე და ახლავე ბოდიში მოუხადეთ ვალერი გელაშვილს, კობა დავითაშვილის ოჯახს, ესენი იყვნენ თქვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომელიც მოიტაცეთ, დაამტვრიეთ და დალეწეთ ცემით მხოლოდ იმის გამო, რომ არ გეთანხმებოდნენ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ გამართული პოლიტიკური დებატებისას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ძალადობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური კოდი.

„თქვენ თუ მართლა ემიჯნებით ძალადობას, თუ მართლა გაწუხებთ ძალადობა, აგერ 10 წელი არის უკვე გასული, ახლავე აბრძანდით ფეხზე, თუ არადა, ჩავთვლი, რომ მატყუარა და ფარისევლები ხართ. აბრძანდით ფეხზე და ახლავე ბოდიში მოუხადეთ ვალერი გელაშვილს, კობა დავითაშვილის ოჯახს, ესენი იყვნენ თქვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომელიც მოიტაცეთ, დაამტვრიეთ და დალეწეთ ცემით მხოლოდ იმის გამო, რომ არ გეთანხმებოდნენ. ძალადობას თუ არ ეთანხმებით, აბრძანდით, ბოდიში მოიხადეთ და თქვით, რომ ეს იყო საზიზღრობა და კანონის ძალიან მძიმე დარღვევები, მაგრამ არ ხართ მაგის გამკეთებლები, რადგან კარგად იცით, ძალადობა არის ზუსტად თქვენი პოლიტიკური კოდი. გიორგი ვაშაძეს რომ ვუსმინოთ, მარტო ქართველი ხალხი გვიჭერს მხარს, დანარჩენი თურმე ყველა ჩვენ გვაკრიტიკებს და ყველა ჩვენ წინააღმდეგ არის. აი, მაგ ლოგიკით რომ მოდიხართ ყველა არჩევნებზე, იმიტომ ხართ ერთპროცენტიანები და იმიტომ ვერ აკეთებთ ვერაფერს. ხან ვის ფანჩატურში იკრიბებით, ხან ვინ მოგიწოდებთ ქოლგის ქვეშ შემოსვლას და ცალ-ცალკე გინდათ, რომ გაიმარჯვოთ. ვერ გაიმარჯვებთ, ვიდრე არ მიხვდებით, რომ ქართველ ხალხში არის ლეგიტიმაცია. გარეთ სირბილს, სჯობს შიგნით იაროთ და ხალხს შეხვდეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოჩნდა, რომ საქართველოს დღეს ბევრად უკეთესი და ძლიერი დემოკრატია აქვს, ვიდრე ჰქონდა 10 წლის წინ.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ დარბაზში ისაუბრა შემდეგზე: პირველი, საქართველოს უსაფრთხოება და მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში გახლავთ განუხრელად დაცული ჩვენი, ხელისუფლებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მან ასევე ისაუბრა და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომ ეს ასე იქნება მომავალშიც, როდესაც ჩვენ საზოგადოებასთან ერთად განვაგრძობთ ქვეყნის მართვას; მეორე, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, ეს არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს ომის დაწყებამდეც ჰქონდა, მაგრამ უფრო რთული იყო ამ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება უკვე იმ რთული კრიზისის და რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, რომელიც ახლა გვაქვს რეგიონში, მაგრამ საქართველომ დღეს ეს შეძლო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამას აჩვენებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ამას აჩვენებს დეფიციტის შემცირება, ამას აჩვენებს მსოფლიო ბანკის მონაცემები. იმ მსოფლიო ბანკის, რომელზეც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები საუბრობდნენ. როგორც ჩანს, მათთვის ორი მსოფლიო ბანკი არსებობს, ანუ, ერთი, სადაც საქართველოს აქვს პროგრესი, მათთვის არის მიუღებელი, მაგრამ იქ, სადაც შეუძლიათ, კრიტიკული რეკომენდაციები ამოიკითხონ, ეს არის მხოლოდ მათი მსოფლიო ბანკი. ასევე, დღეს ამ დარბაზში გამოჩნდა, რომ საქართველოს აქვს ბევრად უკეთესი და ძლიერი დემოკრატია, ვიდრე ჰქონდა 10 წლის წინ. რომ გავიხსენოთ რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ დებატს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი მოსულიყო ამ დარბაზში და გამართულიყო პოლიტიკური დებატები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.