არჩილ თალაკვაძე მზადყოფნას გამოთქვამს, მოქალაქეების ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების პრობლემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართოს
არჩილ თალაკვაძე მზადყოფნას გამოთქვამს, მოქალაქეების ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების პრობლემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართოს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივის პასუხად განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი პოლიტიკაზე მაღლა დგას და მზადაა, უახლოეს მომავალში სამუშაო შეხვედრა გაიმართოს.

„პირველ რიგში მგონია, რომ სამუშაო შეხვედრა იქნება კარგი ამ თემაზე. მეც დიდი ინტერესით მივიღებდი მონაწილეობას. ამიტომ შეგვიძლია ხვალ, მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღე არის, ხვალ ან ზეგ ჩავნიშნოთ ასეთი შეხვედრა და განვიხილოთ, რა ზომები შეიძლება გამოვიყენოთ.მე მგონი, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხია, რაც ადამიანებს ეხებათ და გთხოვთ, რომ კოორდინაცია გააკეთოთ, ვისაც ინტერესი და გამოცდილება გაქვთ. ერთ სამუშაო შეხვედრას პირადად მეც ვუმასპინძლებდი ამასთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ მიმართავენ აღსრულების ბიუროს, რომ ერთი თვით მაინც შეჩერდეს გამოსახლების პროცესი.

„დიდი მადლობა, რომ გულისყურით მოეკიდეთ ამას, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მალე ჩავნიშნავთ ამ შეხვედრას, ძალიან კარგი იქნება. იქნებ არ გადავდოთ. მორატორიუმი არ დავარქვათ, მაგრამ  მივმართოთ აღსრულების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს, ამ თვეში ვინც გამოსასახლებელია, მათ აქვთ სია, ვინ უნდა გამოასახლონ, ვინ არა, შეჩერდეს ეს პროცესი ერთი თვით მაინც, მორატორიუმს ნუ დავარქმევთ. ფორმალური , არაფორმალური, რა მიმართვის ფორმა არის საჭირო არ ვიცი ამ შემთხვევაში, უბრალოდ გადავადდეს ეს ყველაფერი. ვიმსჯელოთ ამაზე და თუ დავინახეთ, რომ მორატორიუმი საჭიროა, გამოვაცხადოთ და შემდეგ ვუშველოთ იმ ადამიანებს. აქ არის ლაპარაკი, რომ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა ისინი, ვინც უკვე გამოსახლების სიაშია, არ გამოასახლონ. იქნებ შეგვწევდეს ჩვენ უნარი და ძალა, რომ ესენი აღვკვეთოთ ჯერ და შემდგომში ვიმსჯელოთ, საჭიროა თუ არა  მორატორიუმი“ ,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

თალაკვაძის განმარტებით, კანონმდებლობით, პოლიტიკური მსჯელობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება შეუძლებელია.

მისივე თქმით, მოქალაქეების დასახმარებლად შეუძლიათ, მთავრობასთან კონსულტაციები გამართონ.

„კანონმდებლობით შეუძლებელია, ბატონო ბექა, რომ დღეს ჩვენ ბიუროს სხდომაზე გამოვაცხადოთ ამაზე მორატორიუმი და შეუძლებელია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შევაჩეროთ პოლიტიკური მსჯელობის საფუძველზე. ამიტომ რომ არ იფიქროთ, მე ბანზე გადავაგდე თქვენი წუხილები, ეს ოთხი შემთხვევაც მოგვიტანეთ, განვიხილოთ ინდივიდუალურად, სხვა შემთხვევებიც თუ არის, სადაც მოქალაქეებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ და ეკუთვნით სამართლიანად, იქ მივიღოთ გადაწყვეტილებები. პოლიტიკური ორგანო ვართ, შეგვიძლია კონსულტაცია მთავრობასთან, ზარიც, შეხვედრაც და ვცადოთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს.

რაც შეეხება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, იქნება ეს მორატორიუმი, შეზღუდვები ახალი კანონის საფუძველზე, თუ სხვა, ეს უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის დაცვით ისე, რომ თუ ერთ მხარეს დავეხმარებით, მეორე მხარესთან არ შევიდეთ კანონიერ დავებში. ასეთი გადაწყვეტილებები მაქსიმალურად კანონის დაცვით უნდა იყოს მიღებული“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.