არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ ფრენების ორგანიზებისა და უსაფრთხოების ყველა პირობის შექმნისთვის, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე მუშაობა შეძლონ
არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ ფრენების ორგანიზებისა და უსაფრთხოების ყველა პირობის შექმნისთვის, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე მუშაობა შეძლონ

მზად ვართ ფრენების ორგანიზებისთვის, ტრანსპორტირებისა და უსაფრთხოების ყველა პირობის შექმნისთვის, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე მუშაობა შეძლონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებშია, რომ მომავალი არჩევნები რაც შეიძლება მეტმა მხარემ შეაფასოს.

„ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო, შეგვექმნა ყველანაირი პირობა, რათა რაც შეიძლება მეტი სადამკვირვებლო მისია ჩართულიყო საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების პროცესში. ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის, რომ ეს დემოკრატიული არჩევნები რაც შეიძლება მეტმა მხარემ შეაფასოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავუგზავნეთ ოფიციალური მოწვევები და წერილები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის მე დავუკავშირდი ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩართულია.

რა თქმა უნდა პანდემია მთელ მსოფლიოში ზღუდავს აქტივობას. ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები და საქართველოს დემოკრატიული პროგრესი იქნება ასახული. ჩვენ მზად ვართ, ფრენების ორგანიზებისთვის, მზად ვართ, ტრანსპორტირებისთვის, უსაფრთხოების ყველა პირობის შექმნისთვის, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა მუშაობა შეძლონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.