არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ საგაზაფხულო სესიისთვის ნარკოპოლიტიკაზე კონსენსუსი მიღწეული იქნება
არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ საგაზაფხულო სესიისთვის ნარკოპოლიტიკაზე კონსენსუსი მიღწეული იქნება

მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც შეამცირებს ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და არასამთავრობოებთან ერთად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემაზე იმსჯელებენ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკის სფეროში კანონმდებლობა შესაცვლელია.

“მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას შეამცირებს , ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს ნარკოტიკების ზიანისგან დაიცავს  და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ხელს  შეუწყობს. ნარკოდამოკიდებულ პირებს დავეხმარებით მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების პროგრამებით, ხოლო პოლიციას ხელს შევუწყობთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე შეთანხმება საგაზაფხულო სესიისთვის მიღწეული იქნება.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, რომ საკითხზე დამატებითი მსჯელობა გაიმართოს, ცვლილებების განხილვა  დროებით შეჩერებულია.