არჩილ თალაკვაძე - მოწინააღმდეგეებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აქვთ ძალისხმევა, მოხდეს საქართველოს მიღწევების დისკრედიტაცია
არჩილ თალაკვაძე - მოწინააღმდეგეებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აქვთ ძალისხმევა, მოხდეს საქართველოს მიღწევების დისკრედიტაცია

ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საქართველო თავის მომავალს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ხედავს, – ამის შესახებ რუსული ძალების გააქტიურებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ხელშესახები მიღწევები აქვს.

„ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები და კონკრეტული მიღწევები. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოში ძლიერდება დემოკრატია, ჩვენი საერთო ღირებულებები და არა სხვა ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ. მეტი პროგრესის, მეტი მიღწევების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, ჩვენს მოწინააღმდეგეებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, აქვთ ძალისხმევა, მოხდეს საქართველოს მიღწევების დისკრედიტაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელმაც დემოკრატია აირჩია.

„ჩვენ ვიმყოფებით რთულ რეგიონში, ეს გეოგრაფია არის მოცემულობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკის დაგეგმვაში ის უნდა გავითვალისწინოთ. მჯერა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ერთად დგამს სწორ ნაბიჯებს და მომავალშიც გადადგამს, რომ ეს მიღწევები და საქართველოს და ქართველი ხალხის არჩევანი, არ დადგეს არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ. ამაში გვაქვს ჩვენი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერაც“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვდრის შემდეგ გაიმართა.