არჩილ თალაკვაძე - მოსამართლეების შერჩევის პროცესში პარლამენტი დემოკრატიულ სტანდარტს იცავს
არჩილ თალაკვაძე - მოსამართლეების შერჩევის პროცესში პარლამენტი დემოკრატიულ სტანდარტს იცავს

მოსამართლეების შერჩევის პროცესში პარლამენტი აჩვენებს მაღალ სტანდარტს, ეს შეფასება გააკეთა ევროკავშირის ელჩმაც, ამ შეფასებებს აკეთებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ოპოზიციაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შერჩევის პროცესი ასეთი სტანდარტით გაგრძელდება და ინდივიდუალური კენჭისყრა აჩვენებს, საბოლოოდ რომელი კანდიდატები მიიღებენ პარლამენტში მხარდაჭერას.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს სად ვიყავით ჩვენ, დღეს სად ვართ და ხვალ სად გვინდა, ვიყოთ თუნდაც ამ საკითხთან მიმართებაში. ვიყავით იქ, როდესაც მოსამართლეების შერჩევის დეტალური კანონმდებლობა საერთოდ არ არსებობდა: პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა კანდიდატურებს და პარლამენტი უდასტურებდა ამას უაპელაციოდ და მეტსაც გეტყვით, არამარტო პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების თუ პოლიტიკური ოპოზიციის რეაქციებსაც თუ მოძებნით, იქაც ნახავთ, რომ კრიტიკული წინააღმდეგობა არც მათი მხრიდან ჰქონია წარსულში ამ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, როგორც თაკლაკვაძემ აღნიშნა, წარსული არ უნდა იყოს დავიწყებული, მაგრამ მომავალზე მეტი ფიქრია საჭირო.

„დღეს ეს კანონმდებლობა გვაქვს, პროცესი დეტალურად არის გაწერილი და როგორც ხედავთ, ღიად და მაქსიმალური ჩართულობით მიდის“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

დატოვე კომენტარი