არჩილ თალაკვაძე - მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ​აგულიანებდნენ, თითქოს კანონისადმი დაუმორჩილებლობა არის დემოკრატიული გზა
არჩილ თალაკვაძე - მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ​აგულიანებდნენ, თითქოს კანონისადმი დაუმორჩილებლობა არის დემოკრატიული გზა

თავს როდესაც აცხადებ კანონგარეშედ, ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგსა და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა დღეს, სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ურჩევდნენ და ​აგულიანებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობა თითქოს არის დემოკრატიული გზა.

„როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგსა და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში, ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. გახსოვთ, სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა. სხვა შემთხვევაში, მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. შესაბამისად, აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში.

დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ, სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება უკვე იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს.

მომხდარზე და იმ ესკალაციაზე მოვლენების, რაც დღემდე არსებობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან, ვინც მას ურჩევდნენ და აგულიანებდნენ, არწმუნებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის და ცესკო-ზე ძალადობრივი შეტევის გზა თითქოს არის დემოკრატიული და თითქოს ეს რაიმე დემოკრატიულ შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას. დღეს აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დესტრუქციული სცენარით საკუთარი თავი, ისევ ოპოზიცია შეიყვანა ჩიხში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დააკავეს.

ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ამასთან, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციამ 21 პირი დააკავა.