არჩილ თალაკვაძე - მომავალ პარლამენტში ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, პარტიები მიიღებენ იმდენ მანდატს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ამომრჩეველი
არჩილ თალაკვაძე - მომავალ პარლამენტში ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, პარტიები მიიღებენ იმდენ მანდატს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ამომრჩეველი

მომავალ პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, პარტიები მოიღებენ იმდენ მანდატს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა კოალიციის შექმნის საკითხის კომენტირებისას.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა რეფორმები და საზოგადოებას უფრო ევროპული და საქმიანი პოლიტიკა შესთავაზა.

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც რეფორმები გაატარა და, რომელმაც პირველმა დააანონსა, რომ პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში შეიცვალოს კიდევ უფრო დემოკრატიულისკენ. შესაბამისად, თუ ვინმეს ეს ცვლილება სურდა, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ უფრო ევროპული, უფრო საქმიანი პოლიტიკა შევთავაზეთ საზოგადოებას. 2020 წლის შემდეგ ეს ასეც იქნება. ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაატარა ეს რეფორმები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. პოლიტიკური პარტიები მიიღებენ იმდენ მანდატს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი. ჩვენ ვენდობით გადაწყვეტილებას, რომელსაც 2020 წელს მოქალაქეები მიიღებენ არჩევნების დროს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მისი შეფასებით, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ მარტივი რამ თქვა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ამოცანა, რომელიც 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას გამარჯვება და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება იქნება.

„არსებული მოდელი უშვებს იმასაც, რომ თუ ასე ვერ მოხერხდა, მაშინ პარტიები უნდა დასხდნენ და განიხილონ კოალიციის შექმნის შესაძლებლობა. ეს თქვა ირაკლი კობახიძემ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45 პროცენტი მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შესაძლოა, შეუძლებელიც კი გახდეს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.