არჩილ თალაკვაძე - მნიშვნელოვანია, მივიღოთ ყველა ზომა, რათა თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის უკონტროლო და სწრაფი გავრცელება
არჩილ თალაკვაძე - მნიშვნელოვანია, მივიღოთ ყველა ზომა, რათა თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის უკონტროლო და სწრაფი გავრცელება

სახელმწიფო ამ მომენტისთვის ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და ასევე, მინიმალური იყოს ზიანი ჩვენს ეკონომიკაზე, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ ოჯახზე აისახება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ შევთანხმდით და განვიხილეთ საკითხები, რომლებიც სამ მნიშვნელოვან თემას ეხება – პირველი, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა, სადაც ყველა შესაძლო ზომა და ნაბიჯი არის გადადგმული როგორც პრევენციის მიმართულებით, ასევე კლინიკური მკურნალობის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ ზედმიწევნით გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის გაცემული. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ იმ კარგი შედეგის შენარჩუნებას, რომელიც მიღწეულია ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგებისა და მოკავშირე სამსახურების მიერ. ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით ორკვირიანი ვადის მოგება. როცა მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ტენდენცია არის მზარდი, საქართველო თითქმის ორი კვირით ჩამორჩება ამ ტენდენციას. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მივიღოთ ყველა საჭირო ზომა და გავამკაცროთ კიდევ უფრო კონტროლი, რათა თავიდან ავიცილოთ შემთხვევების უკონტროლო და სწრაფი გავრცელება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე ისაუბრეს, არის ეკონომიკა.

„მეორე მნიშვნელოვანი თემა ეკონომიკაა, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა. ასევე, არსებობს კონკრეტული გეგმები. მიღებულია კონკრეტული ზომები, გადადგმულია ნაბიჯები, მაგრამ ასევე არის დამუშავებული შემდგომი სცენარები და ის მექანიზმები, რაც სახელმწიფომ შეიძლება, გამოიყენოს ბიზნესის, თითოეული დასაქმებულისა და ასევე იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც დასაქმებული არ არის და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მესამე მნიშვნელოვანი თემა არის პოლიტიკური პროცესი.

„საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს და რომელზეც შეთანხმება არსებობს პოლიტიკურ სპექტრში, აქაც უზრუნველყოფთ მაქსიმალურად, რომ ის დროები და ინტერვალები, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს მინიმალურად აისახოს პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე და ჩვენ საგაზაფხულო სესიის დასრულების ფარგლებში შევძლოთ იმ ვალდებულების შესრულება, რომელზეც პოლიტიკური შეთანხმება არის მიღწეული. ვგულისხმობ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვადები არის განხილული და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პარლამენტი ამ ვადებში ჩაეტიოს“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით, იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელის, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებების გარდა.