არჩილ თალაკვაძე - მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, არ ჩაერთონ არანაირ პროვოკაციაში და ძალადობას არ უპასუხონ
არჩილ თალაკვაძე - მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, არ ჩაერთონ არანაირ პროვოკაციაში და ძალადობას არ უპასუხონ

ჩვენს ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, არ ჩაერთონ არანაირ პროვოკაციაში და ძალადობას არ უპასუხონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობისადმი მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, ძალადობა მმართველი გუნდის მიერ არ იქნება შეწყალებული.

„მსურს, გამოვეხმაურო ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რათა ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ. ეს არის მთელი გუნდის პოზიცია. რასაკვირველია, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებთ, არ ჩაერთონ არანაირ პროვოკაციაში და ძალადობას არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ. ძალადობა ისჯება კანონით და მას არ აქვს არანაირი მხარდაჭერა, არ იქნება შეწყალებული ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან.

ამიტომ ჩვენ გვაქვს მაღალი მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით, 54-დან 64 პროცენტამდე იცვლება სხვადასხვა რეგიონში. დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიან,  მშვიდ და თავისუფალ არჩევნებში გავიმარჯვებთ. ადამიანები, რომლებიც ამაში არ არიან დარწნუნებული, ალბათ ცდილობენ, ამ ყველაფერს ძალადობით შეუშალონ ხელი, მაგრამ რეაგირება იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გავრცელებულ მიმართვაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი 54-დან 60 პროცენტამდე მერყეობს, რიგ შემთხვევებში კი 63 პროცენტსაც აჭარბებს. ამასთან, მან მხარდამჭერებს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს. მისივე განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.