არჩილ თალაკვაძე - მჯერა, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც განაპირობებს ევროპული მომავლის ხედვა და საქართველოს ღირებულება საერთო ევროპულ პოლიტიკაში
არჩილ თალაკვაძე - მჯერა, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც განაპირობებს ევროპული მომავლის ხედვა და საქართველოს ღირებულება საერთო ევროპულ პოლიტიკაში

საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, ეს შედის როგორც საქართველოს, ისე ევროპის ინტერესებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შედის რეგიონის ინტერესშიც.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის ხელისუფლებას, აზერბაიჯანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ბაქოში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის გზავნილი და მხარდაჭერა, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააჟღერა საერთაშორისო არენაზეც. რა თქმა უნდა, ამ მომენტში ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შედის მთლიანად რეგიონის, აზერბაიჯანის ინტერესებშიც და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. ძალიან ცოტა დრო რჩება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე, არამედ მომავალზეც ორიენტირებული. ჩვენი ქვეყანა როდესაც გადადის ბოლო, გაწევრიანების ეტაპზე, საქართველომ უნდა მიიღოს, საქართველო იმსახურებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, ეს შედის როგორც საქართველოს, ისე ევროპის ინტერესებშიც. მჯერა, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც განაპირობებს ევროპული მომავლის ხედვა, უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპაში და, რაც მთავარია, საქართველოს ფუნქცია და ღირებულება საერთო ევროპულ პოლიტიკაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.