არჩილ თალაკვაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეძლია ვეტო, საქართველოს უნდა ჰქონდეს და ექნება კიდეც ნდობით აღჭურვილი, სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც აქვთ ევროპულ სახელმწიფოებს
არჩილ თალაკვაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეძლია ვეტო, საქართველოს უნდა ჰქონდეს და ექნება კიდეც ნდობით აღჭურვილი, სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც აქვთ ევროპულ სახელმწიფოებს

დემოკრატიას სჭირდება სტაბილური და ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც არ არის პარტიების ვაჭრობის საგანი და რომლისთვის ძირის გამოთხრის ბერკეტი არ აქვს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, მით უმეტეს, თუ ეს პარტია უკვე მხილებულია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ნდობით აღჭურვილი, სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია.

„თავის დროზე  „ქართულმა ოცნებამ“ გავითვალისწინეთ ოპოზიციის და მედიატორების შემოთავაზება და მათი არგუმენტები, რომ საჭირო იყო ცესკო-ს დაკომპლექტების იმგვარი მოდელის შემოღება, სადაც კონსენსუსით, ანუ შეთანხმებით მოხდებოდა ცესკო-ს დაკომპლექტება. გახსოვთ, ჯერ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა ამ შეთანხმების განხორციელებაში პარლამენტში და სამი თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ცალმხრივად ასრულებდა შეთანხმებას. ამის შემდეგ ყველაფერი გააკეთეს, რომ დაებლოკათ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი და, პრაქტიკულად, საარჩევნო ადმინისტრაცია გადაიყვანეს ექვსთვიან სერიებში, როდესაც ყოველ ექვს თვეში საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკო ხდებოდა და უნდა გამხდარიყო პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ამან გამოიწვია უკიდურესი არასტაბილურობა და ის საფრთხე, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ეს გამხდარიყო ისევ ამ ოპოზიციის მხრიდან სპეკულირების მთავარი საკითხი, თითქოს ცესკო არ იყო დაკომპლექტებული. შესაბამისად, ისინი ცდილობდნენ, რომ წინასწარ ძირი გამოეთხარათ უკვე მომდევნო არჩევნებისთვის. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით და ევროპული გამოცდილების ხელახლა დამუშავებით, განხილვით, ჩვენ შემოვიტანეთ ცვლილებები, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც არ იქნება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და მასზე პოლიტიკური შეტევის თუ სპეკულაციების საშუალება კანონში, როგორც მინიმუმ, არ ექნება არცერთ პარტიას. ბუნებრივია, ეს არგუმენტები ძალაში დარჩა ვეტოს გამოგზავნის შემდეგაც. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეძლია ვეტო. საქართველოს უნდა ჰქონდეს და ექნება კიდეც ნდობით აღჭურვილი, სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც აქვთ ევროპულ სახელმწიფოებს. მოდელი, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი, არის დემოკრატიული და ის აქვს ევროპის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს ზუსტად ისე, როგორც დღეს აქვს საქართველოს. დემოკრატიას სჭირდება სტაბილური და ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც არ არის პარტიების ვაჭრობის საგანი და რომლისთვის ძირის გამოთხრის ბერკეტი არ აქვს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, მით უმეტეს, თუ ეს პარტია უკვე მხილებულია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.