არჩილ თალაკვაძე - მივესალმებით, რომ პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება, ვუბრუნდებით რეალურ საკითხებს, რაზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
არჩილ თალაკვაძე - მივესალმებით, რომ პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება, ვუბრუნდებით რეალურ საკითხებს, რაზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

მოლაპარაკებების თემა იცვლება, მომდევნო რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც, ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში,  მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში იმსჯელებენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული არჩევნები უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიმსჯელოთ არსებული კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაზე ეს ვერ მოხერხდა, რადგან იყო გარკვეული კატეგორიული პოზიციები, მაგრამ დღეს, შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების მომდევნო თემა სწორედ ეს იქნება და ჩვენ ამისთვის მოვემზადებით”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პროცესი ნორმალურ, პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება და ეს მისასალმებელია.

„რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი”,- აღნიშნა მან.

რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული მოდელის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება და ამიტომ, ამ საკითხს მმართველი გუნდი არ განიხილავს.

მისივე შეფასებით, შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა და პოზიციების გამოთქმის საშუალება ყველა მხარეს მიეცა.

„როგორც ხედავთ, როგორც მინიმუმ, შეთანხმება იმაზე მაინც შედგა, რომ დღეიდან შემდეგი განხილვის საგანი იქნება არსებული შერეული მოდელის ფარგლებში შესაძლო ცვლილებები, რომელზეც ჩვენ პოზიციას მოვამზადებთ, ისევე როგორც ოპოზიცია მოემზადება მომდევნო რაუნდისთვის”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.