არჩილ თალაკვაძე - მინიმუმამდე შევამცირებთ რისკებს, რაც შეიძლება არჩევნებზე „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით იყოს
ვემზადებით არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. საარჩევნო ადმინისტრაცია სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და სახელმწიფო თავის პასუხისმგებლობას აქ შეასრულებს. მინიმალური იქნება ის რისკები, რაც შეიძლება არჩევნებზე „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
კითხვაზე, შეძლებენ თუ არა დამკვირვებლები ქვეყანაში შემოსვლას, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ შექმნილია „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვის სპეციალური მოდული, რომლის მიხედვითაც, სპეციალური უსაფრთხოების ზომების მეშვეობით, საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრები, დამკვირვებლები და დიპლომატები ქვეყანაში შემოსვლას შეძლებენ.
„მათ ექნებათ შეუფერხებლად დაკვირვების შესაძლებლობა წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებზე. ამისთვის ხელისუფლება მზად არის და პირიქით, ჩვენი მოტივაცია ამ არჩევნებში არის, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი და რაც შეიძლება მეტი ლეგიტიმაცია, რადგან ამ არჩევნებს „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება განიხილავს არა მხოლოდ შესაძლებლობად, რომ ჩვენ განვამტკიცოთ ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან და მომავალზეც მივიღოთ საზოგადოებისგან პასუხისმგებლობის მანდატი, არამედ, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს და პარტნიორებს, რომ საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და ახალი სისტემა, რომელიც მივიღეთ არჩევნებისთვის არის ეფექტური“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.