არჩილ თალაკვაძე - მინდა, მოქალაქეებს ვუთხრა, პატივს ვცემთ და ვენდობით გადაწყვეტილებას, რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღებენ
არჩილ თალაკვაძე - მინდა, მოქალაქეებს ვუთხრა, პატივს ვცემთ და ვენდობით გადაწყვეტილებას, რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღებენ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვისთან და ვის შორის შეიძლება, კოალიციური შეთანხმებები შედგეს.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.

„ქართული ოცნება“ არის ძლიერი, საპარლამენტო პარტია. რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი მიზანი იქნება, რომ გახსნილი, კონკურენტული გარემო შევქმნათ პოლიტიკური პარტიებისთვის. როგორც ხედავთ, ამას ვაკეთებთ და მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერაც გვაქვს. 2020 წლის არჩევნებში ჩვენი მეორე მიზანი იქნება, რომ პარლამენტში საკმარისი, მყარი უმრავლესობა მივიღოთ იმისთვის, რომ მმართველობასა და მთავრობის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ ვუთხრა, რომ პატივს ვცემთ და ვენდობით იმ გადაწყვეტილებას, რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღებენ. მზად ვართ, მომავალი და პოლიტიკური პროცესი ზუსტად ისე დავგეგმოთ, როგორც ამას ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს. რაც შეეხება მცირე პარტიებს, როგორც ახლა იკვეთება, კონსენსუსი რეალურად მიღწევადია და ყალიბდება მცირე და დიდი პარტიები, ძველი და ახალი პოლიტიკური პარტიები“, –  აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საარჩევნო რეფორმა, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, მაქსიმალურად თანაბარ პირობებში ჩააყენებს ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ რეალურ შესაძლებლობებს მისცემს, პარლამენტში წარმომადგენლობა მოიპოვონ.

ამასთან, კითხვაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „სატელიტი ოპოზიცია“, თალაკვაძე პასუხობს, რომ მისთვის კითხვის შინაარსი გასაკვირია.

„რაც შეეხება ანა დოლიძეს, თქვენი კითხვა გამიკვირდა, როცა ის გამოგონილ, ხელოვნურ ძალად მოიხსენიეთ. არ მგონია, ანა დოლიძე ხელოვნური ოპოზიცია იყოს, რადგან ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი ოპონენტია ხელისუფლებისთვის. ეს მისი მუშაობის შედეგად გამოჩნდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე მისი საზოგადოებრივი ცხოვრება აჩვენებს, რომ თუ პარლამენტში შესვლისთვის საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს, საკმაოდ ძლიერი ოპონენტი იქნება. ვისთან და ვის შორის შეიძლება, კოალიციური შეთანხმებები შედგეს, ეს დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. 2020 წლის არჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ და შემდეგ შეგვეძლება, პოლიტიკური გეგმები გავახმოვანოთ“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.