არჩილ თალაკვაძე - მინდა, მივმართო ადამიანებს, რომელთა სახლებიც სტიქიის ზონაში, სარისკო ადგილებშია, გაითვალისწინონ რეკომენდაცია, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ განსახლებას, ვიდრე საფრთხე არ ჩაივლის
არჩილ თალაკვაძე - მინდა, მივმართო ადამიანებს, რომელთა სახლებიც სტიქიის ზონაში, სარისკო ადგილებშია, გაითვალისწინონ რეკომენდაცია, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ განსახლებას, ვიდრე საფრთხე არ ჩაივლის

სტიქიის შესახებ ცნობის მიღების პირველივე წუთიდან იყო ყველა მიმართულებით სრული მობილიზაცია, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი სამსახურების. ყველა ჩართული იყო, რომ დროული დახმარება მიეღოთ ადამიანებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გურიაში განუცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

თალაკვაძემ მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის ზონაში, სარისკო ადგილებში იმყოფებიან, მოუწოდა გაითვალისწინონ რეკომენდაცია, ადგილობრივი ხელისუფლება კი მათ განსახლებას უზრუნველყოფს, ვიდრე საფრთხე არ ჩაივლის.

„ძალიან რთული დღე იყო. სტიქიამ საფრთხე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს, დაანგრია სახლები, დააზიანა გზები. ცნობის მიღების პირველივე წუთიდან იყო ყველა მიმართულებით სრული მობილიზაცია, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი სამსახურების. ყველა ჩართული იყო, რომ დროული დახმარება მიეღოთ ადამიანებს. პირველ რიგში, ადამიანების გადარჩენა იყო დღეს მთელი დღის განმავლობაში ნომერ პირველი პრიორიტეტი. სამუშაოები გრძელდება, ვინაიდან უამინდობა გურიაში გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმ ადამიანებთან, რომლებსაც სჭირდებათ ტრანსპორტით ან სხვა რაიმე სახის დახმარება. განსაკუთრებით მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც უთხრეს და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სტიქიის ზონაში, სარისკო ადგილებში არის მათი სახლები, სადაც განმეორების თუ რეციდივის საფრთხე კიდევ რჩება, გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია, ვინაიდან მუნიციპალიტეტები ყველანაირად უზრუნველყოფენ მათ განსახლებას, ვიდრე საფრთხე არ ჩაივლის და კომპლექსური შეფასებები არ გაკეთდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა და თუ ერთად დავდგებით, დარწმუნებული ვარ, გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა, რომ სახიფათო ადგილებიდან უკვე 50-ზე მეტი ოჯახია გამოყვანილი. ამასთან, ლერი ბარნაბიშვილმა მოუწოდა ადამიანებს, უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მოწოდება გაითვალისწინონ.