არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა სრულიად უტიფრად მიიწერეს ის გამარჯვება, რომელიც მთელ საქართველოს ეკუთვნის
არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა სრულიად უტიფრად მიიწერეს ის გამარჯვება, რომელიც მთელ საქართველოს ეკუთვნის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თაალაკვაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ არსებობს საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ პირდაპირ არის აღნიშნული. ამასთან, თალაკვაძემ ყველას, ვინც ევროსასამართლოში საქართველოს სიმართლეს იცავდა, მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მივულოცო საქართველოს და ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება. ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებს და კონვენციის მუხლების დარღვევები დაადგინა ევროსასამართლომ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია და კონტროლს ამ ტერიტორიებზე ოკუპაციის გზით ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ასევე ჩვენ უკვე ხელში გვაქვს ძალიან წონიანი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც პირდაპირ არის აღნიშნული რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, ეთნიკური წმენდის შესახებ. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა იმ საჯარო მოხელეს, მადლობა გადავუხადო იუსტიციის მაშინდელ მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მის მოადგილეებს,შსს, თავდაცვის სამინისტროებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ყველა საჯარო მოხელეს, ვინც საქართველოს სიმართლეს იცავდა ევროსასამართლოში“, – განაცხადა არცილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლების პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ დავაში საქართველომ გაიმარჯვა, ხოლო როგორც თალაკვაძე ამბობს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ეს თავიანთ გამარჯვებად მიიწერეს.

„რაც შეეხება ოპოზიციის ამ რადიკალური ფრთის სპეკულაციებს ამასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება და ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე თავის სიმართლე ამ დავაში დაამტკიცა. ხოლო, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს, არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში. აი, ეს არის განსხვავება ჩვენს შორის.

კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება – გუში ჩვენი რეაქცია, კომენტარი, პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში. მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის განცხადება იყო, რომ ეს არის ჩვენი გამარჯვებაო, თან ჩვენი მეორე გამარჯვებაო. ამ ადამიანებმა სრულიად უტიფრად და სიცრუეზე დაყრდნობით მიიწერეს ის გამარჯვება, რაც მთელ საქართველოს ეკუთვნის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, მაგრამ მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით 30 დამარცხება, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე მედიის თავისუფლების, თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში. ამიტომ, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მათ მხარდამჭერებს რაღაც მიჰყიდონ, მომავლის იმედი. სინამდვილეში,  „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არის წარსულის პოლიტიკური ძალა და, როგორც ხედავთ, დღემდე ისინი ახორციელებენ დესტრუქციას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.