არჩილ თალაკვაძე - მიგვაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიების სცენის დაკავება არასწორი იყო, აღმოჩნდა, რომ სწორი ვიყავით
არჩილ თალაკვაძე - მიგვაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიების სცენის დაკავება არასწორი იყო, აღმოჩნდა, რომ სწორი ვიყავით

„სამართლიანი არჩევნები“ საპროტესტო აქციაზე იმ მოთხოვნებს შეუერთდა, რომელიც იყო პოლიტიკური და ანტიკონსტიტუციურიც, რადგან საქართველოში ხელისუფლება ყალიბდება დემოკრატიული არჩევნების გზით, მაშინ დაყენებული მოთხოვნა იყო დესტრუქციული და ანტიდემოკრატიული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ISFED-თან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „სამოქალაქო საზოგადოების მიერ პოლიტიკური სცენისა და პოლიტიკური სივრცის დაკავება საფრთხეს უქმნიდა, ანგრევდა წლების განმავლობაში საქართველოში შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მის ფუნქციასა და მიზანს“.

„დღეს, როცა ობიექტური საჭიროება დადგა, რომ მთავრობამ, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ერთად იმუშაონ, გამოჩნდა, რომ მაშინდელმა გაუაზრებელმა და არასწორმა ნაბიჯებმა ხელი შეუშალა სამუშაო პროცესს. ამის გამოსწორებისა და შეცვლის ერთ-ერთი სწორი გზაა ის, რომ სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ხშირად იკავებდა პარტიებისთვის განკუთვნილ სივრცეს, თავის ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდეს და ეს ღიად უნდა ითქვას, შემდეგ შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა. საზოგადოებას ფაქტობრივი მტკიცებულებები წარვუდგინეთ, რომ პარალელური დათვლის შედეგები შეცვლილი იყო, პრაქტიკულად გაყალბებული იყო, ეს მაშინ, როცა არჩევნების გაყალბებაში ხელისუფლებას გვადანაშაულებდნენ. სინამდვილეში, არა საპარლამენტო არჩევნები, არამედ ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგები იყო შეცვლილი და გაყალბებული, რის გამოც მათ საჯარო აღიარება მოუხდათ და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ახლა ამის უარყოფა ერთად მუშაობას ხელს უშლის. მიგვაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი სცენის და სივრცის დაკავება არასწორი იყო, რაც აზიანებდა და საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო საზოგადოების იდეას. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეს პოზიცია სწორი იყო და დღეს ამ სირთულეების წინაშე დავდექით“, – განაცხადა თალაკვაძემ.