არჩილ თალაკვაძე - აფგან მუხთარლის საქმეზე ორი პარალელური გამოძიება, გამოძიების საბოლოო მიზანს ჩრდილს მიაყენებს
არჩილ თალაკვაძე - აფგან მუხთარლის საქმეზე ორი პარალელური გამოძიება, გამოძიების საბოლოო მიზანს ჩრდილს მიაყენებს

საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ორი პარალელური გამოძიება ჩრდილს მიაყენებს გამოძიების საბოლოო მიზანს და არ იქნება ისე, თითქოს აქ შექმნილი საგამოძიებო კომისია ხელს შეუწყობს მიმდინარე გამოძიებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობდნენ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, პარლამენტის აქვს ლეგიტიმური ინტერესი, რომ თვალი მიადევნოს ბოლომდე მუხთარლის საქმის გამოძიების პროცესს.

„რაც შეეხება ოპოზიციის ინიციატივას, მინდა, რამდენიმე კომენტარი გავაკეთო. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენა ისე, რომ არ დაელოდა გამოძიებას. თქვენი არგუმენტი, რომ გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა და შევქმნათ საგამოძიებო კომისია, მინიმუმ არაგულწრფელია, რადგან თავიდანვე მოითხოვეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც პირველი სიგნალი იყო, რომ უფრო მეტად პოლიტიკური და თქვენი პარტიული საკითხია, ვიდრე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ რაიმე წუხილი. მეორე საკითხი, რაც შეეხება სათაურს, დისკუსია იყო სათაურთან დაკავშირებით. ეს სათაური, როგორც ელენე ხოშტარიამ თქვა, ეჭვიანი სათაური, არ არის მხოლოდ სათაური, ეს მიუთითებს თქვენს წინასწარ განწყობაზე, გეგმაზე და დამოკიდებულებაზე, თუ რა შედეგი გინდათ მიიღოთ საგამოძიებო კომისიის შექმნით. მივესალმები, რომ სათაურის შეცვლას ეთანხმებით, ეს კარგია, თუმცა ამ სათაური უკან არ დგას მხოლოდ სიტყვები, დგას განწყობა და გეგმა, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნით ირიბად გაახმოვანეთ”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობისთვის პოლიტიკური საკითხია, გაირკვეს რეალურად რა მოხდა აფგან მუხთარლის საქმეზე.

„ქრონომეტრაჟი რამდენსაც საუბრობთ და რასაც საუბრობთ ამ საკითხზე, პირდაპირ მიუთითებს, რომ თქვენი პოლიტიკური პარტიის, ერთი ყველაზე მთავარი საკითხია, რომელიც გარკვეულ კითხვებს მიჩენს და მართალი გითხრათ, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. როდესაც დავით ბაქრაძე ჩამობრძანდა სპეციალურად საკითხის განსახილველად, მაშინ, როდესაც სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე ჩვენი კოლეგა არ გვინახავს სხდომათა დარბაზში. ახლა რაც შეეხება თავად გამოძიებას,  ერთის მხრივ, თქვენ ამბობთ, მოდით გამოვიძიოთ, დავადგინოთ, მეორე მხრივ, თქვენ მტკიცებით ფორმაში საუბრობთ იმაზე, რის გამოძიებასაც ვგეგმავთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ უკვე იცით ის, რის თქმასაც აპირებთ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს წინასწარ გაქვთ უკვე დაგეგმილი რაც ბუნებრივია, ნდობას ამცირებს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საკითხი რის გამოც გამოძიება სწრაფად ვერ სრულდება, არ არის საგამოძიებო ორგანების ბრალი, რადგან ხელმისაწვდომობა სუბიექტზე, რომელიც უნდა დაიკითხოს არ არის უზრუნველყოფილი და ეს პრობლემას შეუქმნის საგამოძიებო კომისიასაც.

“კიდევ ერთი არგუმენტი, რომელი ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას გვაქვს, არის ორი პარალელური გამოძიების წარმოება. მიგვაჩნია, რომ ორი პარალელური საქმის გამოძიება ჩრდილს მიაყენებს გამოძიების საბოლოო მიზანს და არ იქნება ისე, თითქოს აქ შექმნილი საგამოძიებო კომისია ხელს შეუწყობს მიმდინარე გამოძიებას. თქვენ კარგად იცით, რომ თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედებები, გარდა სუბიექტის დაკითხვისა, ამ გამოძიების ფარგლებში უკვე განხორციელებულია და საკმაოდ მასშტაბური სამუშაო გაწეულია. რამდენიმე გამოსვლაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა დავინახე. სერგო რაიანი საუბრობდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ ამ გატაცებაში სუს-ს ადანაშაულებენ. ამოიღეთ ჩანაწერი, ევროპარლამენტის რეზოლუციაში სუს-ი საერთოდ არ არის ნახსენები”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აფგან მუხთარლის საქმეზე ორი თანამდებობის პირი გადადგა და ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება.

“ვფიქრობთ, რომ მიმდინარე გამოძიებას ჯერ არ ამოუწურავს თავისი დრო და რესურსი. ვფიქრობთ, რომ როდესაც ეს დრო და რესურსი ამოიწურება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შემდგომ შესაძლოა, საკითხის განხილვას პარლამენტში დავუბრუნდეთ. შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით ბუნებრივია, პარლამენტი ინარჩუნებს მაღალ ინტერესს. ჩვენ თვალს მივადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას და იმასაც, რომ პასუხები შეკითხვებზე საზოგადოებამ და პარლამენტის წევრებმა მიიღონ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი